რომელუ ლუკაკუს მიაჩნია, რომ კრიტიკოსები მას უკვე განვითარების უპერსპექტივო ფეხბურთელად მოიაზრებენ და მათ აფრთხილებს, რომ შესანიშნავ ეტაპსა და ასაკში იმყოფება განვითარებისათვის.
24 წლის ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი კარიერა შესანიშნავად დაიწყო და თავის პირველ 10 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
მაგრამ მუხლის ტრავმის მიღების შემდეგ მას მთელი ოქტომბერი უშედეგო ჰქონდა და ბოლო 19 თვის განმავლობაში ეს მისი ყველაზე ხანგრძლივი უგოლო სერიაა.
ჟოზე მოურინიო კი ამ პერიოდში მის საქომაგოდ და დასაცავად გამოდის და ფეხბურთელს ხელშეუხებელს უწოდებს, ამასთან ერთად კი გულშემატკივარსაც აკრიტიკებს არასაკმარისი მხარდაჭერის გამოვლენის გამო.
"ჩელსისთან" მატჩის წინ კი თავად ფეხბურთელიც აკეთებს კომენტარს და ტიერი ანრისთან ინტერვიუში თავის კრიტიკოსებს პასუხობს.
"მე მხოლოდ წლიდან წლამდე განვითარებაზე ვარ კონცენტრირებული. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემს თამაშს შევმატო რაღაც ისეთი, რაც მანამდე არ მქონია.
ვფიქრობ, ადამიანები უკვე ისე მომიაზრებენ, როგორც დასრულებულ პროდუქტს. მე 24 წლის ვარ. ვერ განმსჯით ისე, როგორც განვითარების უპერსპექტივოს. მე მექნება კარიერა, რომლის განმავლობაშიც ყოველ წელს განვვითარდები, განვვითარდები და განვვითარდები, რათა ავიდე მწვერვალზე.
ვიცი, რომ დიდი ნიჭი მაქვს, ბევრი რამ შემიძლია. შემიძლია გოლების გატანა მარცხენა ფეხით, მარჯვენა ფეხით, თავითაც, მაგრამ მინდა შემქმნელიც ვიყო, საგოლე გადაცემებიც მქონდეს. მინდა, დავრწმუნდე, რომ როცა ჩემი გუნდი გასაჭირშია, ჩემი იმედი აქვთ.
აქ იდეალურ ეტაპზე ვარ, სადაც ყოველდღე გამარჯვების მოპოვება მსურს. ეს მხოლოდ მე არ მეხება. მე მოგება მსურს, მოგება. აქ იდეალურ ეტაპსა და ასაკში ვარ და ჩემი კარიერის შემდეგ ეტაპზე აყვანაც შემიძლია", - განაცხადა ბელგიელმა.