"მანჩესტერ იუნაიტედის" სამედიცინო შტაბისთვის ჯერ კიდევ უცნობია, რამ გამოიწვია მაიკლ კერიკის ავადმყოფობა, მაგრამ ინგლისელი ვარჯიშს მიმდინარე კვირაში დაუბრუნდება.
კერიკმა ამ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა - სექტემბერში "ბარტონის" წინააღმდეგ ქარაბაოს თასზე მოპოვებული გამარჯვება. ამ მატჩის შემდეგ კი კერიკმა დაიჩივლა, რომ ავად გახდა და სიმპტომებს ვარჯიშებზეც გრძნობდა, რის მიზეზსაც "იუნაიტედის" ექიმები ჯერ კიდევ ვერ ადგენენ.
გარდა იმ ერთი ჩატარებული მატჩისა, მაიკლი ხუთჯერ მოგვევლინა მატჩის განაცხადში, მაგრამ 23 სექტემბერს "საუთჰემპტონთან" გასვლაზე მოგებული მატჩის შემდეგ კერიკი სათადარიგოთა სკამზეც კი ვერ ხვდებოდა.
36 წლის ინგლისელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა და თავის მდიდრულ ტიტულების სიას ევროპა ლიგა და ლიგის თასი შემატა.
ჟოზე მოურინიოს მაიკლ კერიკის დაბრუნება ძალიან სურს, რადგან ორი ნახევარმცველი, მარუან ფელაინი და პოლ პოგბა ტრავმირებული არიან.