"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა რეაბილიტაციის პროცესს მალე დაასრულებს და "ჩელსისთან" ნოემბრის დასაწყისში გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის პოგბა "წითელ ეშმაკებს" 12 სექტემბრიდან ვერ ეხმარება. ამ დღეს ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ბაზელთან" გამართულ შეხვედრაში ბარძაყი დაიზიანა.
პოგბას არყოფნა უარყოფით გავლენას ახდენს "იუნაიტედის" შემტევ პოტენციალზე, რისი დასტურიც "მანჩესტერ სიტისთან" პრემიერ ლიგაში ხუთქულიანი ჩამორჩენაა. თუმცა, "წითლებისდა" საბედნიეროდ, პოგბა მალე შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.
ფრანგული გამოცემა L'Equipe იტყობინება, რომ პოლი 5 ნოემბერს "სტემფორდ ბრიჯზე" გასამართ შეხვედრაში ითამაშებს.
თუკი მოურინიო თავისი გუნდის ლიდერის მოფრთხილებას გადაწყვეტს, ეჭვგარეშეა, რომ იგი იქნება "ნიუკასლთან" შეხვედრაში, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ გაიმართება.