პიცის ნაჭერთან დაკავშირებული ამბავი საბოლოოდ გამხილდა.
"არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა აღიარა, რომ 2004 წლის ოქტომბერს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს სწორედ მან ესროლა პიცა სახეში.
"ოლდ ტრაფორდის" გვირაბში მომხდარი ინციდენტი მას შემდეგ შედგა, რაც "იუნაიტედისა" და "არსენალის" მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, რამაც "მეთოფეების" 49-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, უეინ რუნიმ კი იმ მატჩში საკამათო პენალტი მოიპოვა.
მატჩის შემდეგ ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, სანამ ფერგიუსონი პიცაში ამოთხვრილი ეძებდა დამნაშავეს, რომელმაც მისი მიმართულებით პიცის ნაჭერი ისროლა.
აწ უკვე "ჩელსის" ფეხბურთელი 13 წლის შემდეგ გამოტყდა, რომ სწორედ მან ისროლა პიცის ნაჭერი, თუმცა ამის გაკეთება არ უნდოდა. "დიახ, ეს მე გავაკეთე. მარტინ კიოუნი მატყუარაა, რადგან იგი ჩემ წინ იდგა და ხალხს ხელს კრავდა, ამიტომ ვერაფერს დაინახავდა.
უცებ ხმა შემომესმა და ვერ მივხვდი, რა ხდებოდა.
პიცის ნაჭერი მეჭირა ხელში და გარეთ გავედი, როცა დავინახე, რომ სოლ კემპბელი, რიო ფერდინანდი და მარტიო კიოუნი ერთმანეთს ხელს ჰკრავდნენ.
მათ შორის ჩადგომა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხებ და ამიტომ გავისროლე - ფიუუუ - უბრალოდ ვისროლე.
მერე კი დავინახე, რომ ვიღაცას მოხვდა, მაგრამ ამ ვიღაცასთვის არ მისვრია... სერ ალექსს ბოდიშს ვუხდი, ნამდვილად არ მინდოდა ამის გაკეთება!", - განაცხადა ესპანელმა.
ამ ინციდენტთან დაკავშირებით ფერგიუსონმა თავის მხრივ თავის წიგნში დაწერა: "მერე დავინახე, რომ სულ პიცით ვიყავი მოთხვრილი. ჩვენს სტადიონზე ყოველი მატჩის შემდეგ დევს საკვები სტუმართა გასახდელ ოთახში. ფიცა, ქათამი. ამას ბევრი კლუბი აკეთებს. "არსენალის" საკვები კი საუკეთესო იყო.
ამბობენ, რომ სესკ ფაბრეგასმა მესროლა პიცა, მაგრამ დღემდე არ მაქვს წარმოდგენა, ეს რომელმა ღლაპმა გააკეთა".