Goal.com-მა სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
საკვირველი არ არის, რომ Goal.com-ის მიერ შედგენილ პრემიერ ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მანჩესტერული კლუბების ფეხბურთელები ჭარბობენ, თუმცა თავიანთი წარმომადგენლები ჰყავთ "ტოტენჰემს", "ლივერპულსა" და "ჩელსისაც".
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ჩემპიონატში ჯერ მხოლოდ 7 ტური ჩატარდა, რამდენიმე ფეხბურთელმა უკვე დაამტკიცა, თუ რის შემოთავაზებას აპირებს მიმდინარე სეზონში. მათ შორის კი ნამდვილად არიან "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეები კარის, დაცვის, ნახევარდაცვისა და შეტევის ხაზში.
ჩატარებულ შვიდ ტურში ექვსჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა დავიდ დე ხეამ, რომელსაც ამაში უშუალო წვლილი მიუძღვის, თუმცა მას დიდ დახმარებას უწევენ მცველები, რომელთა დუეტიც ასევე წარმოდგენილია საუკეთესო თერთემეტეულში ერიკ ბაიისა და ფილ ჯონსის სახით.
ნახევარდაცვის საყრდენ ზონას კი ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ნემანია მატიჩი იკავებს კევინ დე ბრუინესთან ერთად, რომელთაგან ორივე თავიანთი კლუბების უცვლელი წევრები არიან.
შეტევის ხაზს კი პრემიერ ლიგის ორი საუკეთესო ბომბარდირი, რომელუ ლუკაკუ და ჰარი კეინი წარმოადგენენ, რომელთაგან პირველი თითქმის ყოველ მატჩში ახერხებს გოლის გატანას, ხოლო მეორე ბოლო მატჩებში უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.