სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" რეზერვისტები სტუმრად სტივენეიჯში "ტოტენჰემის" რეზერვისტებს დაუპირისპირდნენ. მატჩი "წითელი ეშმაკების" განადგურებით დასრულდა. ლონდონელებმა 3 უპასუხო ბურთის გატანა მოახერხეს მანჩესტერელთა კარში.
შეხვედრიდან მთავარი პოზიტივი ის გახლავთ, რომ ლუკ შოუმ პირველად ტრავმის შემდეგ მთელი 90 წუთი ითამაშა და უნდა აღინიშნოს, რომ ის საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა მთელი მატჩის განმავლობაში. თავიანთი თამაში ჩაატარეს ტუანზებემ, მიტჩელმა, მაკტომინიმ და დავიწყებულმა ჯეიმს უილსონმა, რომელმაც მოედანზე 77 წუთი დაჰყო. განაცხადში არ იყო ეშლი იანგი. პრესკონფერენციაზე მოურინიომ განაცხადა, რომ იანგი უფრო ახლოს იყო დაბრუნებასთან ვიდრე შოუ. ეშლიმ ასევე ჩაატარა ერთი მატჩი რეზერვისტებთან ერთად გასულ ტურში და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის უკვე ხვალ პირველი გუნდის განაცხადში იქნება "ლესტერთან" მატჩში. ამის ალბათობა არსებობს და ყველაფერი ჟოზე მოურინიოს ნებაზეა დამოკიდებული.