ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ნემანია მატჩის "ჩელსის" დატოვება და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა სურს.
"სქაი სპორტსის" წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე შეათანხმა 40-მილიონ ფუნტიანი კონტრაქტი "ჩელსისთან" და ტრანსფერის ბოლომდე მიყვანას რამდენიმე დღეში აპირებს.
28 წლის სერბი ნახევარმცველი რომელუ ლუკაკუსა და ვიქტორ ლინდელოფის შემდეგ"იუნაიტედის" მესამე შენაძენი იქნება მიმდინარე ზაფხულს.
მოურინიოს ოსლოში "ვალერენგასთან" გამართული მატჩის შემდეგ მატიჩის შესახებ ჰკითხეს, რაზეც უპასუხა: "ახალ ამბავს ველოდები. ვიცი, რომ მას ძალიან, ძალიან უნდა გადმოსვლა და როცა ფეხბურთელს ეს სურს, ძალიან, ძალიან დიდი შანსია.
ასე რომ, ვფიქრობ, შანსი გვაქვს, მაგრამ ფეხბურთში სანამ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელდება, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, რის გამოც არ ვაპირებ იმაზე მეტის თქმას, ვიდრე ვთქვი".
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელშიც მატიჩს "იუნაიტედის" მაისური აცვია და მასზე 31 ნომერია გამოსახული, თუმცა მოურინიომ არც ამ საკითხთან დაკავშირებით ისურვა რაიმე კონკრეტულის თქმა. "არ ვიცი, რადგან იქ არ ვყოფილვარ. 31 ნომერი თავისუფალია. ეს შვაინშტაიგერის ნომერი იყო. ეს მაისური თავისუფალია, ჩვენ კი სულ რამდენიმე თავისუფალი ნომერი გვაქვს".