"მანჩესტერი" - ტაქტიკური ანალიზი, ტრანსფერები, მიზნები...
გასული სეზონის ტაქტიკური ანალიზი„იუნაიტედში“ სეზონის წინ 3 დიდი ფიგურა - პოლ პოგბა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჟოზე მოურინიო მივიდნენ. გუნდზე დიდი ინტერესი იყო და თუ ბევრი „განსაკუთრებულის“ სადებიუტო წელს ფოიერვერკებს არ მოელოდა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც სჯეროდა, რომ „მანკუნიანელებს“ პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაში ჩაბმაც შეეძლოთ.

თუმცა ჩემპიონატის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ ეს ფორმაციის ახალგაზრდული გუნდი საამისოდ მზად არ იყო. „იუნაიტედს“ სუსტი რგოლები მრავლად ჰქონდა და თუნდაც მოკლე სათადარიგოთა სკამი და დაცვაში არსებული პრობლემები ავიღოთ.
ხშირ შემთხვევაში დაცვის მარჯვენა მხარეს თამაში ანტონიო ვალენსიას უწევდა, რომელიც ამ პოზიციაზე აქამდე ფორსმაჟორისას თუ ასპარეზობდა. შეიძლება ამით გუნდს არაფერი გაფუჭებია, თუმცა ვალენსიას სხვა პოზიციაზე გამოყენება, ვფიქრობ, უკეთესი შედეგის მომტანი იქნებოდა.
ყველაზე სუსტი ზონა მაინც დაცვის ცენტრი იყო, სადაც ფილ ჯოუნსის ტრავმიანობამ სიტუაცია ძალიან გაართულა. დელი ბლინდი ძალიან ნელი ფეხბურთელია და დასწრებაზე უსუსტესია, რაც ცენტრალური მცველისთვის უმნიშვნელოვანესი სათამაშო ასპექტია, ამასთანავე მას ცენტრალური მცველისთვის საჭირო ბევრი თვისება არ აქვს.
რაც შეეხება მარკოს როხოს, ამ პოზიციაზე ბლინდზე ბევრად უკეთესია, მაგრამ ისიც უამრავ შეცდომას უშვებდა და რასაც ჰქვია კარგი დაცვის ცენტრის წყვილი, ასეთი ბაილი-როხო ნამდვილად არ იყო. ბევრს ტრავმიანობდა კრის სმოლინგიც.
ტრავმებმა და ფეხბურთელთა შეუთამაშებლობამ დაცვას თავისი ხელი მკვეთრად დაატყო და როგორც ასეთი - სტაბილური დაცვის ცენტრის წყვილი „მოუმ“ ვერ შეკრა.
ასეთი დაცვის პირობებში, უდიდესი როლი ითამაშა დავიდ დე ხეამ, რომელმაც სტაბილურად მაღალი დონის თამაშით, დაცვას მეტ-ნაკლებად თავდაჯერება შესძინა.
ნახევარდაცვაში განუზომლად დიდი სამუშაო გასწია ერერა-პოგბას დეუტმა. ისინი გუნდის მთავარი დასაყრდენები იყვნენ და როგორც ჩაშლის, ასევე იერიშების დაწყების კუთხით, მთავარ როლს თამაშობდნენ.
ერერა ძალიან მოძრავი ფეხბურთელია, ამასთანავე მრავალმხრივიც. კარგად არჩევს პოზიციებს და სათამაშო დისციპლინის კუთხითაც გამორჩეულია. ამ ფორმაციის „მანჩესტერში“ ის დამწყებზე მეტად ჩამშელი იყო და უდავოა, რომ ის და პოგბა ერთმანეთს ავსებდნენ. ესპანელის მთავარი ამოცანა მაინც ჩაშლა იყო, რაშიც პოგბაც ეხმარებოდა. თავის მხრივ, ფრანგის მთავარი ფუნქცია ნახევარდაცვისთვის სიმტკიცის მიცემა, ბურთის განაწილება და საჭიროების შემთხვევაში შორეული დარტყმებისა თუ პასების შესრულება იყო. გარდა ამისა, როცა ხუან მატა და მხითარიანი მოედანზე არ იყვნენ, პოგბას დატვირთვა იზრდებოდა და ნახევარდაცვა-თავდასხმის დამაკავშირებელი სწორედ ის ხდებოდა.

შეტევაში მთავარი კაცი ზლატანი იყო, რომელმაც ჯამში 28 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარიდირი გახდა.
მოურინიოსთვის ამა თუ იმ კლუბის სიმბოლოებს დიდი დატვირთვა არ აქვს და გამონაკლისი არც უეინ რუნი გამოდგა. „შრეკი“ ჟოზეს ტაქტიკაში აშკარად ვერ ჯდებოდა და მთელი სეზონი თავის 50-60% თუ აჩვენებდა.
მნიშვნელოვანი როლები ითამაშეს ხუან მატამ, ჰენრიხ მხითარიანმა, მარკუს რაშფორდმა, ენტონი მარსიალმა და რა თქმა უნდა, დავიდ დე ხეამ. უკვე ვთქვით, რომ მეკარე ამ გუნდის ერთ-ერთი უძლიერესი რგოლი იყო.
„მანჩესტერში“ გარდამავალი პერიოდია და ფაქტია, რომ გუნდი ახალ ფეხბურთელებზე ნელ-ნელა ეწყობა. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებიც ხვალ-ზეგ „იუნაიტედის“ ლიდერები და მთავარი კაცები გახდებიან. ჟოზეს ამოცანა მათთვის ფუნქციების ზუსტად მორგებაა. ეს მტკივნეული და რთული პროცესია. აქედან გამომდინარე, ის შედეგი, რომელსაც მანჩესტერელებმა პრემიერ ლიგაში მიაღწიეს, არც გასაკვირი ყოფილა და არც საგანგაშო.
წარმატებაა, რომ გუნდმა „ევროპა ლიგა“ მოიგო, რომლითაც „ჩემპიონთა ლიგის“ საგზურიც მოიპოვა. კარგია ისიც, რომ მათ ლიგის თასის ტიტულიც აიღეს. ეს ყველაფერი ახალაზრდულ კოლექტივს გამარჯვებულიც მენტალიტეტსა და მეტ თავდაჯერებას მისცემს.

საერთო ჯამში, სეზონი ნორმალური გამოვიდა, თუნდაც იმიტომ, რომ „მანიუს“ უძლიერესი შემადგენლობა არ ჰყოლია, თითქმის ყველა სათამაშო პოზიციასა და კომპონენტში გაძლიერების აუცილებლოაა, სხვანაირად უმაღლესი მიზნები მხოლოდ ოცნება თუ იქნება. პრობლემა იყო ტრავმები და ფეხბურთელთა გამოუცდელობაც.
ერთი რაც სეზონმა გვაჩვენა ისაა, რომ „მოურინიოს გუნდს“ პერსპექტივა აქვს. გამოიკვეთა ფეხბურთელთა ბირთვი, რომელთან მუშაობაც შეიძლება და რომელთაც მომავალ წელს მწვრთნელი უფრო მეტად დატვირთავს და გამოიყენებს.
მოურინიო გასულ წელს რამდენიმე ტაქტიკურ მონახაზს იყენებდა და მათ საკმაოდ ხშირად ცვლიდა. სანამ ზლატანი ტრავმას მიიღებდა, ის მეტწილად 4-3-3 სქემას ეყრდნობოდა, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ პორტუგალიელი თითქმის ყველა მეტოქესთან მისი სისუსტეების შესაბამის ტაქტიკას და გეგმას ამუშავებს.
საკმაოდ ხშირად გამოიყენებოდა 4-2-1-3 ტაქტიკაც. ამ სქემაში საყრდენები მარუან ფელაინი (მაიკლ კერიკი) და ანდერ ერერა იყვნენ, მათ წინ კი პოგბა მოქმედებდა. ეს მონახაზი უფრო მაშინ გამოიყენებოდა, როცა გუნდი მეტ-ნაკლებად სუსტ მეტოქეს ხვდებოდა და უეჭველი 3 ქულა ჰქონდა ასაღები.
ვხვდებოდით სუპერშემტევ ტაქტიკასაც, როცა სქემა თითქმის 4-2-4 ხასიათს იღებდა. ამ სქემაში დიდი როლი მხითარიანსა და მატას ჰქონდათ, რომლებიც იდეაში შემტევები იყვნენ, თუმცა ყველაზე მეტად ნახევარდაცვასთან კავშირი მათ ჰქონდათ და უკან ხშირად იწევდნენ.
შედარებით დაცვითი მონახაზი ისევ და ისევ 4-3-3 გამოდიოდა, რომლის დროსაც გუნდს მოედანზე 3 შუახაზელი ჰყავდა და ისინი დაცვას აქტიურად ეხმარებოდნენ.
კიდევ ერთი სქემა 4-2-3-1 იყო. მის პირობებში ორი მკვეთრად დაცვაზე ორიენტირებული ნახევარმცველი თამაშობდა, ხოლო პოგბა დაცვითი ფუნქციებისგან გათავისუფლებული გახლდათ.
როგორც ხედავთ, თითქმის ყველა სქემაში პოგბა სხვადასხვა ფუნქციებს ითავსებდა და ის გუნდისთვის განუზომლად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. ფრანგს ვარსკვლავები ნამდვილად არ მოუწყვეტია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ ფორმაციების პირობებში მას ის როლი არ ეკისრებოდა, რასაც „იუვენტუსში“ იყო ჩვეული, სადაც პრაქტიკულად მატჩების 90%-ში ლამის გამთამაშებლისა და თითქმის თავისუფალი შემტევის დანიშნულება ჰქონდა.

რგოლი, რომელიც „მანჩესტერში“ ყველაზე ნაკლებად პრობლემატური იყო მეკარეა. რაც შეეხება ნახევარდაცვასა და შეტევას, ჩანდა, რომ ამ რგოლებში მეტი კრეატივი და სწრაფი, ტექნიკური თამაშია საჭირო, რისი წყალობითაც პოზიციური შეტევები ბევრად მრავალფეროვანი და სახიფათო ხდება.
ტრანსფერებიროგორც უკვე ვთქვით, გუნდს გაძლიერება აუცილებლად სჭირდება და არის რამდენიმე პოზიცია, რომელზეც „მანკუნიანელები“ ნებისმიერი შემთხვევაში იზრუნებენ.
ყველაზე პრობლემური მაინც დაცვის ცენტრია. მის გასამაგრებლად გუნდმა „ბენფიკადან“ უკვე დაიმატა ნილსონ ლინდელიოფი, რომელიც წესით პრემიერ ლიგას კარგად უნდა მოერგოს. შვედი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, ეფექტურია როგორც საჰაერო, ასევე ძალისმიერი ორთაბრძოლებისას და დასწრებაზეც მშვენივრად თამაშობს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ, მანჩესტერელები ალვარო მორატას, ანდრეა ბელოტისა და კრიშტიანუ რონალდუს უმიზნებენ. პორტუგალიელმა ყოფილ გუნდში დაბრუნების სურვილი თავად გამოთქვა.
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მორატასა და რონალდუს შემთხვევაში სიტუაცია შეცვალა. კრიშტიანუს გადაწყვეტილების შემდეგ, როგორც ირკვევა, „რეალი“ მორატას გაყიდვას აღარ აპირებს. აი თავად პორტუგალიელის მანჩესტერში დაბრუნება რამდენად გამოვა, ამას ზაფხული გვაჩვენებს.

ასევე აქტიურად იწერება ბლაიზ მატუიდის „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლის შესახებაც, რომელსაც ინგლისელებმა კონტრაქტი შესთავაზეს, თანაც ფეხბურთელს თვალი პარიზიდან აბარგებაზე უჭირავს.
ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ხამეს როდრიგესია, რომლის ტრანსფერიც თითქოს გადაწყვეტილია, თუმცა ვნახოთ... ისე კი, კოლუმბიელი მართლაც შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა, მისი ტექნიკა და მრავალფეროვანი სათამაშო არსენალი გასული სეზონის „იუნაიტედს“ აშკარად აკლდა. ისეთი „ფანტაზისტა“, როგორიც ხამესია მოურინიოს შეტევაში ბევრად დიდ არჩევანს მისცემს.
რთული, მაგრამ მეტ-ნაკლებად შესაძლებელია რაჯა ნაინგოლანის „იუნაიტედში“ ტრანსფერიც. რთულია იმდენად, რამდენადაც ნაინგოლანი „რომას“ ვიცე-კაპიტანია და ახალი გუნდის მშენებლობის კუთხით ფუნდამენტალური როლი აქვს. იგი „ჯალოროსის“ ნამდვილი ლიდერია.
ბრიტანულმა პრესამ ისიც დაწერა, რომ „მანჩესტერი“ „რეალს“ რონალდუსა და მორატას სანაცვლოდ 175 მილიონი ევრო და დავიდ დე ხეა შესთავაზა.
რაც შეეხებათ წამსვლელებს, კლუბი ჯერჯერობით ზლატანის გარდა ოფიციალურად არავის დაუტოვებია.
უდიდესი ალბათობით სხვაგან გადავა „წითელი ეშმაკების“ ლეგენდა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი უეინ რუნი, რომელსაც მშობლიური „ევერტონის“ გარდა, რამდენიმე ჩინური და ამერიკული კლუბი იწვევს.

შესაძლოა წავიდეს კრის სმოლინგი, რომელიც ბოლოდროინდელი მოვლენებით უკმაყოფილოა. მას „ტოტენჰემი“ და „არსენალი“ ეპატიჟებიან.
სხვა მხრივ, დაგეგმილი არცერთი ფეხბურთელის წასვლა არაა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დროს ბევრი რამ 360 გრადუსით იცვლება ხოლმე...
მოურინიოსა და „იუნაიტედის“ სამომავლო მიზნები„განსაკუთრებული“ ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ მისი სტილი ერთ გუნდში ძალიან დიდი ხნით გაჩერება არაა. მისთვის უფრო ღირებული ახალი თავგადასავლები და სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა გუნდებთან ერთად მოგებული ტიტულებია.
თუკი მის კარიერას გადავხედავთ, 2002 წლის შემდეგ სადაც ჟოზე მივიდა, ის გუნდი პირველ სეზონში უტიტულოდ არასდროს რჩებოდა - ეს ტრადიცია არც „იუნაიტედში“ დარღვეულა.

პორტუგალიელს ჩრდილში ყოფნა არ უყვარს. ის მანჩესტერული პირველი წლით უკმაყოფილო არ იქნება, თუმცა „ევროპა ლიგა“ და ლიგის თასი ის მაინც არაა, რაზეც 53 წლის სპეციალისტი ოცნებობდა - მას „წითელ ეშმაკებთან“ ერთად უფრო მასშტაბური ტიტულების მოგება სურს. საამისოდ დროც ექნება, თუმცა წინა სეზონისგან განსხვავებით ახლა მასზე კიდევ უფრო მეტი წნეხი იქნება.
ჟოზეს პირველმა წელმა ბევრი აჩვენა და ასწავლა. ის შესანიშნავი ანალიზის უნარითა და გამჭრიახობით გამოირჩევა, ასე რომ, ის რაც გასულ წელს „იუნაიტედის“ პრობლემა იყო, არ გამოვრიცხოთ, რომ მომავალ სეზონში მის პლიუსად იქცეს.
ახალ ფეხბურთელებთან მუშაობა და მათი პლიუს-მინუსების დაწვრილებით გაანალიზება რთული საქმეა და დროს საჭიროებს. წინა სეზონისგან განსხვავებით ახლა ჟოზემ გაცილებით უკეთ იცის ვისთან რა კუთხით უნდა იმუშაოს და ვინ საერთოდ გუნდიდან გაუშვას. ხოლო მანჩესტერელთა ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, პორტუგალიელს სასურველ ფეხბურთელთა დიდი ნაწილის მოყვანა არ უნდა გაუჭირდეს.
ამრიგად, მწვრთნელს, რომელმაც ადაპტაციის პერიოდი დიდი ხანია გაიარა, მომავალი სეზონისთვის წარმატებისთვის ყველა პირობა აქვს და მისი ამბიციების გათვალისწინებით „იუნაიტედი“ ორ ფრონტზე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.
„ჩემპიონთა ლიგაზე“ მაქსიმუმის მიღწევა ჯერ მაინც ცოტა ადრეა, თუმცა პრემიერ ლიგაში პირველობისთვის ბრძოლა სრულიად შესაძლებელია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „მოუს“ ერთ გუნდში დიდი ხნით გაჩერება არ უყვარს, თუმცა არც ისე ხდება, რომ მან ყველგან თავისი სიტყვა არ თქვას და კვალი არ დატოვოს. შეგვიძია ვივარაუდოთ, რომ „მოურინიოს მანჩესტერი“ 4-5 წლიანი პროექტია, რაც ამ კლუბისა და მწვრთნელისათვის შესაფერისი წარმატების მისაღწევად საკმარისი დროა.
როგორი იქნება ახალი სეზონის „იუნაიტედი“?მოდით მომავალი ლოგიკურად ავაწყოთ და ის ფეხბურთელები უკვე „მანჩესტერელებად“ ჩავთვალოთ, ვისაც ამ გუნდს აქტიურად უკავშირებენ და ორი შესაძლო სათამაშო მონახაზი წარმოვადგინოთ.
1. თუ რონალდუ დაბრუნდა, ის დიდი ალბათობით ფლანგზე თამაშს ვეღარ შეძლებს და ზიდანისა არ იყოს, მოურინიომაც ცენტრფორვარდად უნდა მოიაზროს. გარდა ამისა გავითვალისწინოთ მატუიდის შესაძლო ტრანსფერიც.

2. თუ რონალდუ და ხამესი მოვიდნენ. ხამესის მოსვლამ წესით მოურინიოს გუნდი 4-2-3-1 ტაქტიკაზე უნდა გადაიყვანოს.

ავტორი: ირაკლი ფოფხაძე
წყარო:
crystalsport.ge