ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ბრიტანული გამოცემების ცნობით, იტალიელი სპეციალისტი თანამდებობის დატოვებას აპირებს, თუკი მისი სატრანსფერო მოთხოვნები უახლოეს პერიოდში არ დაკმაყოფილდება.
კონტე მიიჩნევს, რომ “ჩელსი” შემადგენლობის მნიშვნელოვანი გაძლიერების გარეშე ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვერ იფიქრებს და კლუბის თავკაცებს ამ მიმართულებით არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებს.
განხეთქილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი სახელდება. მწვრთნელი “ევერტონის” ფორვარდის შეძენას მოითხოვს, კლუბის ხელმძღვანელებს კი ბელგიელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევროს გაღება გაუმართლებელ ხარჯად მიაჩნიათ. ამასთან, იტალიელს სურს, პირდაპირი კავშირი ჰქონდეს “ჩელსის” მფლობელ რომან აბრამოვიჩთან და მნიშვნელოვანი საკითხები მასთან პირადად განიხილოს.
ლუკაკუსადმი ინტერესს "ჩელსის" გარდა "მანჩესტერ იუნაიტედიც" იჩენს, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელის ძიებაშია. "ევერტონის" ხელმძღვანელობას თავდამსხმელთან განშორება არ სურს, მაგრამ თუ მის დარწმუნებას ვერ მოახერხებს, მსურველ გუნდებს დიდძალი თანხის გადახდა მოუწევთ.