ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ გულშემატკივრები საოცარ მატჩს იხილავენ, როცა 20 ივლისს ჰიუსტონში მანჩესტერული დერბი პირველად გაიმართება დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ.
"იუნაიტედი" და მისი ადგილობრივი მეტოქე "სიტი" სახლიდან 4700 მილის დაშორებით საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და 2017 წლის ტურნეზე "წითლების" შვიდი მატჩიდან ერთ-ერთს გამართავენ.
მატჩს, რომელსაც კლუბის ოფიციალური ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს, მოურინიო თავისი სამუშაოს შესასრულებლად და მომდევნო სეზონისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.
"ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიო თასის გარეშე ამ ზაფხულს ყველა გუნდი სრული შემადგენლობით დაიწყებს წინასასეზონო ტურნეს. მე სხვადასხვა საგანზე მუშაობის შანსი მექნება და ამას გამოვიყენებ, გვარდიოლაც ასევე მოიქცევა.
ჩემთვის და ალბათ, მისთვისაც არ იქნება შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ამის ნაცვლად ფეხბურთის ხარისხს მივაქცევთ ყურადღებას და იმის გამოყენებას ვეცდებით, რასაც რამდენიმე კვირითა და დღით ადრე დავამუშავებთ.
გულშემატკივრებისთვის საოცარი იქნება, რადგან ორი დიდი კლუბის მატჩია და თან დერბი. გასულ ზაფხულს ჩინეთში თამაში ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ახლა დიდებულ პირობებში უმაღლესი დონის ორგანიზებით ვითამაშებთ და ვფიქრობ, ეს დიდებული შესაძლებლობა იქნება ჩვენთვისაც და "სიტისთვისაც", რომ ამერიკაში წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი და პრემიერ ლიგის მომდევნო სეზონისთვის მოვემზადოთ", - განაცხადა მოურინიომ.
პორტუგალიელი აცხადებს, რომ მანჩესტერული ფეხბურთით პირველივე სეზონში ისიამოვნა და "იუნაიტედსა" და "სიტის" შორის არსებული მოკრძალებული დამოკიდებულებით მოხიბლულია. "მომწონს ეს კონკურენცია. და მომწონს იმიტომ, რომ კარგი კონკურენციაა. გასულ სეზონში სამი მატჩი ჩავატარეთ ერთმანეთის წინააღმდეგ - ორი პრემიერ ლიგაში და ერთიც ლიგის თასზე - და თითოეული მათგანი კარგი შეხვედრა იყო, კონკურენტუნარიანი მატჩები მინიმალური უპირატესობით - 2-1, 1-0, 0-0.
კარგი ემოციები გამომჟღავნდა და ყოველთვის ვგრძნობდი, რომ კარგი, სამართლიანი ურთიერთობა იყო ფეხბურთელებს შორის, რომლებიც მოწინააღმდეგეები არიან მოედანზე, მაგრამ ერთსა და იმავე ქალაქში ცხოვრობენ. ისინი ალბათ ხშირად ხვდებიან ერთმანეთს! გულშემატკივრებს რაც შეეხება, მათში ვნება, მაგრამ პატივისცემა იგრძნობა. ასეთი სახის კონკურენცია მხოლოდ კარგი ორივე გუნდისთვის".
როცა სთხოვეს, მანჩესტერული დერბი სხვა მისთვის ცნობილ დერბის შეედარებინა, მოურინიომ განაცხადა: "ყველა დიდი დერბი მქონია. "ინტერი" "მილანის" წინააღმდეგ, "რეალი" "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" წინააღმდეგ, "პორტუ" "ბენფიკას" წინააღმდეგ და ბევრი ლონდონური დერბი, როცა "ჩელსიში" ვმუშაობდი, ახლა კი ეს.
თითოეული მათგანი განსხვავებულია და თან ერთნაირი. განსხვავებული იმ ნიშნითაა, რომ კლუბების კულტურა და თავად კლუბებია სხვა, მაგრამ ერთნაირია იმით, რომ ყოველთვის უფრო მეტზე თამაშობ, ვიდრე უბრალოდ სამი ქულაა და ყოველთვის უფრო მეტი ხდება, ვიდრე უბრალოდ მატჩი".