ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედის" მდიდარი ევროპული ისტორიისთვის მორიგი ფურცლის დამატება სურს.
"წითლების" პრესტიჟული ევროპული ისტორია 1968 წელს მოგებულ ევროპულ თასს, 1999 და 2008 წლებში მოგებულ ჩემპიონთა ლიგასა და 2009 და 2011 წლებში ამავე ტურნირის ფინალისტობას მოიცავს.
მათ ანგარიშზეა აწ უკვე გაუქმებული ევროპული თასების მფლობელთა თასი 1991 წელს.
"ოლდ ტრაფორდს" ბევრი დასამახსოვრებელი მატჩისთვის უმასპინძლია, მაგრამ მოურინიო ფიქრობს, რომ ხუთშაბათს "სელტა ვიგოს" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა კლუბის ისტორიაში ახლა ნომერ პირველ მატჩად უნდა მოიაზრებოდეს.
"იუნაიტედი" შეხვედრას 1-ბურთიანი უპირატესობით დაიწყებს, რომელიც ვიგოში მარკუს რეშფორდის წყალობით მოიპოვა.
"იუნაიტედისგან" განსხვავებით, "სელტას" არასდროს მოუგია ევროპული ტურნირი და ევროპა ლიგის ფინალში გასვლა მათი უდიდესი მიღწევა იქნება, მაგრამ მოურინიოს არ სჯერა, რომ ეს ფაქტი მეტოქეს უფრო მეტი მოტივაციის მიზეზს აძლევს, ვიდრე მის გუნდს.
"მოტივაციის მხრივ ჩვენ მეტადაც კი ვართ განწყობილნი. "სელტასთვის", მათი თქმით, ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი აქვთ და მეც ვფიქრობ, რომ ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მატჩია.
მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდა ადრე, მნიშვნელობა მხოლოდ მომდევნოს აქვს. არ მჯერა, რომ "სელტას" ჩვენზე მეტად სურს მოგება", - განაცხადა მოურინიომ.