"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ახსნა, თუ რატომ დააკისრა "ჩელსისთან" მატჩში სტანდარტული მდგომარეობების გათამაშება მარკუს რეშფორდს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2-0 გამარჯვებაში, როცა შეტევაში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ადგილი დაიკავა და სწორედ მან გახსნა "ოლდ ტრაფორდზე" შემდგარ მატჩში ანგარიში
სწორედ რეშფორდის მიერ გათამაშებული საჯარიმოს დამსახურებაა, რომ "იუნაიტედმა" მეორე გოლი გაიტანა და მოურინიომ მატჩის შემდეგ თავისი არჩევანი ახსნა.
"მარკუსი სანდოა. მეორე გოლის დროს მან მაღლა ჩააწოდა, შეუძლებელი იყო თავურით გატანა, რადგან სწორედ ისეთია, რასაც მესამე ძელს ვეძახით - არც მეორე, არც პირველი. მაგრამ ის ყოველთვის მოძრავი და სწრაფია, ყოველთვის შეიძლება გქონდეს იმედი, რომ ბურთთან ძლიერ კონტაქტს დაამყარებს.
მასთან ერთად ბურთი ყოველთვის სწრაფად მოძრაობს. ზოგიერთი სხვა ფეხბურთელის შემთხვევაში კი ბურთი სწორად, მაგრამ ნელა გორავს. მაშინაც კი, როცა საჰაერო დუელს იგებ, ძალიან რთულია გოლის გატანა, ასე რომ, ამ საკითხში მარკუსი ერთ-ერთი სანდო ბიჭია. იმიტომ, რომ ახალგაზრდაა, ყოველდღე ვითარდება; ყოველთვის ასისტენტ მწვრთნელთან ერთად არის და უკეთესობისკენ ისწრაფვის", - განაცხადა მოურინიომ.