ჯესი ლინგარდმა "ჩელსისთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს, ანდერ ერერას საქებარი სიტყვები მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ესპანელმა 2-0 გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა.
ანდერმა საგოლე გადაცემა გაუკეთა ანგარიშის გამხსენილი გოლის ავტორ მარკუს რეშფორდს, მოგვიანებით კი მან თავად შეძლო გოლის გატანა და სხვაობის ორამდე გაზრდა, რასაც მთელი მატჩის ჯამში ედენ აზარისთვის თავის გამოჩენაში ხელის შეშლა დაუმატა. როგორც ლინგარდმა აღნიშნა, 27 წლის ფეხბურთელი გამარჯვების უმთავრესი შემოქმედია.
"მან ყველაფერი გაიღო. მოედნის ყველა მონაკვეთზე მოქმედებდა და სწორედ ასეთი ინდივიდუალური თამაში გვჭირდებოდა, რომ გუნდურად კარგად გვემოქმედა.
რთული იყო, თავდამსხმელებისთვის მითუმეტეს, რადგან მათ მთელ მოედანზე უნდა ერბინათ, მაგრამ კარგი თამაშის საჩვენებლად ყველაფერი უნდა გაიღო. ვიცოდით, რომ მათი სულისკვეთების დაქვეითება ჩვენი ვალდებულება იყო.
მეტოქის მცველებს უფლებას ვერ მივცემდით, ბურთი ეკონტროლებინათ და საჭირო პასი გაეკეთებინათ, ვიცოდით, რომ ამის აღკვეთის შემთხვევაში ჩვენ უკან მდგომი მცველები და ნახევარმცველები თავიანთ საქმეს წარმატებით შეასრულებდნენ", - განაცხადა ინგლისელმა.
"იუნაიტედის" ამბიცია მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში მდგომარეობს, ამის გასაკეთებლად კი გუნდს ორი გზა აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვედრა, მეორე კი ევროპა ლიგის მოგებაა.
"ორივე შესაძლებელია. "მანჩესტერ იუნაიტედი" ისტორიის მქონე დიდი გუნდია და აქ ტიტულების მოლოდინი აქვთ. ჩვენ გასამხნევებლად შექმნილი ატმოსფერო უკვე ვიხილეთ და ვიცით, რომ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შევძლებთ კარგი შედეგის მოპოვებას".
ხუთშაბათს გუნდი ევროტურნირზე "ანდერლეხტს" დაუპირისპირდება: "ამისთვის მზად ვიქნებით. როგორც იხილეთ, შემადგენლობის როტაცია შეგვიძლია და დაბეჯითებით გვეცოდინება, რომ ყველა მზად არის".