ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ევროპა ლიგის ეგიდით "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ანდერლეხტს" შორის გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც 1-1 დასრულდა, გულახდილი განცხადება გააკეთა და აღიარა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა.
"წითლები" ჰენრიხ მხითარიანის გოლის წყალობით დაწინაურდნენ პირველივე ტაიმში, მაგრამ მაინც იმედგაცრუებულნი დარჩნენ, ვინაიდან შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საპასუხო გოლი მიიღეს და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. მომდევნო შეხვედრას "იუნაიტედი" დღეს "ჩელსისთან" ჩაატარებს და თავდამსხმელი შესანიშნავად აცნობიერებს მატჩის სირთულეს.
ბელგიაში ინტერვიუს მიცემისას იბრაჰიმოვიჩს ჰკითხეს, მას ან სხვა თავდამსხმელებს შეეძლოთ თუ არა უკეთესი მატჩის ჩატარება, რაზეც უპასუხა: "ვფიქრობ, მწვრთნელი ამ მხრივ მართალია. დღეს კარგად ვერ ვგრძნობდი თავს. დაღლილი ვიყავი, მაგრამ ეს თავის გამართლების საშუალება არ არის.
ჯერ კიდევ უფრო მეტი და უფრო კარგი მაქვს გასაკეთებელი, ვიდრე აქ მოვახერხე. ჩემს თავს ვეუბნები, რომ დღეს კარგად არ მითამაშია. წინ ერთი თვეა და ბევრი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი. ჯერ კიდევ შეგვიძლია რაღაცის მიღწევა, ჯერ კიდევ შეგვიძლია ზეწოლის მოხდენა, რადგან ევროპა ლიგაზეც ვართ და პრემიერ ლიგის დასასრულში გავედით. ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ."
ყურადღება ახლა კვირის მატჩზეა გადატანილი და იბრაჰიმოვიჩი აღნიშნავს, რომ წითლების 21-მატჩიან წაუგებელ სერიაზე სულაც არ ფიქრობს. "ვფიქრობ, ამაზე სულაც არ უნდა გამახვილდეს ყურადღება. მირჩევნია პირველ ადგილს ვიკავებდეთ და ეს შედეგი არ გვქონდეს. ამ სერიით არაფერი მოგვეცემა.
"ჩელსი" კარგი გუნდია. მთლიანობაშია კარგი გუნდი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ისინი კვირაში ერთ მატჩს ატარებენ და ესეც ქმნის დიდ სხვაობას. ზუსტად არ ვიცი, რამდენი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მათი.
მიმდინარე სეზონში ევროტურნირის შეხვედრები არ აქვთ და ლიგის თასიდანაც ადრე გავარდნენ. კარგი გუნდია, სხვა შემთხვევაში პირველ ადგილზე ვერ იქნებოდა".