"წითელი ეშმაკების" მწვრთნელმა გერმანელი ნახევარმცველის გაყიდვაზე მწუხარება გამოხატა და სინანულით გაიხსენა სიტუაცია, რომელმაც შვაინშტაიგერს "იუნაიტედის" დატოვება აიძულა.
ლუი ვან გაალის მიერ შეძენილმა ფეხბურთელმა მოურინიოს გუნდში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა და საბოლოოდ ამერიკის ჩემპიონატში გადავიდა, სადაც აგრძელებს კარიერას.
"თავისი სინანულის შესახებ მეც მესაუბრა, ამიტომ ახალი ამბავი არ იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ხაზს უსვამს ჟოზეს ხასიათს. რა თქმა უნდა, ორივე ჩვენგანისთვის რთულად წარიმართა საქმე, მაგრამ "იუნაიტედს" ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.
იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოახერხებენ. მათ ყველა მატჩს ვუყურებ და ძალიან მსურს მათი გამარჯვება", - განაცხადა ნახევარმცველმა.
მოურინიომ შვაინშტაიგერი გუნდიდან იმის გამო გაუშვა, რომ სეზონით ადრე ბასტიანი ხშირად ტრავმიანობდა და თავის გამოჯანმრთელების პერიოდს კორტებზე ატარებდა, სადაც თავის ცოლს, ანა ივანოვიჩს ქომაგობდა.
მოურინიომ "ვესტ ბრომვიჩთან" ბოლო მატჩის წინ განაცხადა: "ბასტიანი ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომლის წინაშეც თავს დამნაშავეს ვგრძნობ ჩადენილი საქციელის გამო. ვნანობ, რაც ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში მოხდა. ეს იცის და მიხარია, რომ იცის. ძალიან გვიან გავიცანი ბასტიანი, როგორც ადამიანი და პროფესიონალი, ახლა კი გეტყვით, რომ ჩადენილ საქციელს ვნანობ. ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჩემი დანაშაული ვაღიარო".