ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიაჩნია, რომ ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად საუკეთესო შედეგებს იღებს და გუნდისთვის ოთხეულში მოხვედრაც კი იმედგაცრუება იქნება.
"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი ფორვარდი "იუნაიტედის" გამორჩეული ფიგურაა მიმდინარე სეზონში და მან უკვე მოახერხა 27 გოლის გატანა ყველა ტურნირზე, მაგრამ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზოანში მოხვედრას ვერ ახერხებს.
"სანდერლენდთან" მატჩის წინ მოურინიოს შეგირდები შვიდი ქულით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის", თუმცა 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
"ვფიქრობ, მოურინიო აბსოლუტურად მაქსიმალურ შედეგს იღებს იმ გუნდით, რაც მის განკარგულებაშია. 200 პროცენტით. საკმარისად კარგები რომ ვყოფილიყავით პირველ ადგილზე ყოფნისათვის, ვიქნებოდით კიდეც.
მას ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული გამარჯვებულის მენტალიტეტი, რადგან ამას ვერც დაკარგავ. თუ გაქვს, გაქვს და მორჩა. ამას ვერც ისწავლი და ვერც შეიძენ. ან გაქვს, ან არა.
ძალიან კარგად ვიცნობ. თავის სამუშაოში პირდაპირია. თვალებში ჩაგხედავს და პირდაპირ გეტყვის ნეხვი ხარ თუ არა. მე ასე მირჩევნია.
იმას გეუბნება, რასაც ფიქრობს და ბოსიც ის არის - ის წყვეტს და აკონტროლებს სიტუაციას. ეს არის მისი სათამაშო სტილი და მეც იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც ასეთი მიდგომით აღიზარდა.
"ევერტონთან" შესვენებაზე გვითხრა, რომ საკმარისად კარგები არ ვიყავით. ეს უნდა გვეღიარებინა, რადგან სიმართლე იყო", - განაცხადა შვედმა.
იბრაჰიმოვიჩი თავისი წარმატებული კარიერის განმავლობაში "აიაქსთან", "იუვენტუსთან", "ინტერთან", "ბარსელონასთან", "მილანსა" და პსჟ-სთან ერთად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მაგრამ "იუნაიტედში" მას 21 ქულა აშორებს ლიდერ "ჩელსიმდე".
ამასთან ერთად კი 35 წლის ფორვარდი აღნიშნავს, რომ გუნდისთვის წარმატებული შედეგი პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვედრაც არ იქნებოდა. "ოთხეულში მოხვედრაც იმედგაცრუებაა, რადგან ბოლოს რომ ვერ მოვიგე ტიტული, 2012 წელი იყო, როცა "მილანი" მეორე ადგილზე გავიდა. მანამდე კი 2003 წელს "აიაქსთან" ერთად მოხდა იგივე. შეგუებული არ ვარ იქ ყოფნას, სადაც ახლა ვარ.
ასე რომ, ეს ჩემთვის სიახლეა და ამ სიტუაციიდან ვსწავლობ. არ ვფიქრობ, რომ მეექვსეზე გავალთ, მაგრამ აქ ვარ და აქიდან გამომდინარე უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ასეა".