"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში მარკუს რეშფორდის ჩარიცხვასთან დაკავშირებით მისი აზრი მნიშვნელოვანი არ არის.
"წითელი ეშმაკების" მენეჯერის აზრით, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებელი გუნდის რიგებში რეშფორდის შეყვანა სისულელეა, თუმცა აღიარებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მის ხელთ არ არის და თუ გარეთ საუთგეითი მოისურვებს, 19 წლის ფეხბურთელს ეიდი ბუტროიდის გუნდის რიგებში იხილავს.
"არა მგონია, ჩემი აზრი მნიშვნელოვანი იყოს. ძალაუფლება საფეხბურთო ასოციაციის ხელთაა და გადაწყვეტილებასაც ისინი მიიღებენ, რაც მათი აზრით საუკეთესო იქნება.
ვეთანხმები თუ არა, ჩემი აზრი უმნიშვნელოა. ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან თქვენ ჩემს სიტყვებს გამოიყენებთ და ჩემი სიტყვები საკმარისად ძლიერი არ არის.
ვიცი, რომ "იუნაიტედის" მწვრთნელი ვარ, ეს ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ უფლება არ მაქვს, ამ სიტუაციაში კანონიერი უფლება არ მაქვს. ასოციაცია იმას იზამს მარკუსთან დაკავშირებით, რასაც მოისურვებს", - განაცხადა მოურინიომ.
რეშფორდმა მიმდინარე სეზონში 40 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ პოლ პოგბა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჯობნიან.
2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე იგი ინგლისის ნაკრებშიც ირიცხებოდა, რის გამოც ახალგაზრდა ფეხბურთელს მცირე დრო მიეცა დასვენებისთვის.
მოურინიო კი ფიქრობს, რომ ფორვარდისთვის დასვენების მოთხოვნა სულაც არ არის საჭირო და ამგვარი გამოცდილება მას სამომავლო კარიერაში დაეხმარება.
"ცხადია, პრემიერ ლიგაში, ევროპის ჩემპიონატსა და თასებზე თამაშით საოცარ გამოცდილებას იღებს. გასულ წელს გამოვლენილი ქარიშხლის შემდეგ ეს წელი ჯოჯოხეთურ გამოცდილებას მისცემს.
და იმიტომ, რომ ასეთი კარგი ბიჭი, ასეთი კარგი პროფესიონალია, მჯერა, რომ ფანტასტიკურ სასწავლო გამოცდილებას მივცემთ. მარკუსის გვჯერა, ამაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ".