ფრენკ ლამპარდს არ მიაჩნია, რომ პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი რეკორდული ფასის შესაბამის ფეხბურთს აჩვენებს.
ფრანგი ნახევარმცველი "ოლდ ტრაფორდზე" "იუვენტუსიდან" აგვისტოში 89.3 მილიონ ფუნტად დაბრუნდა და ჟოზე მოურინიოს გუნდის განუყოფელი ნაწილია ოთხივე ფრონტზე.
პოგბას პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 25 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში, მაგრამ მათგან არცერთი არ გაუტანია ან გაუკეთებია ტოპ-ხუთეულის გუნდების წინააღმდეგ.
"ვესტ ჰემის", "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ინგლისის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია ნახევარმცველებს შორის და მის ანგარისზე 177 გოლია, მიიჩნევს, რომ "იუნაიტედს" პოგბასგან მეტის მოლოდინის ქონის უფლება აქვს.
"ეს მინიშნება იყო მათ მიერ 90 მილიონი ფუნტის დახარჯვაზე ფეხბურთელისთვის, რომელზეც ვერ ვიტყვი, რომ დასრულებული პროდუქტია. ფანტასტიკური ატრიბუტები აქვს - ძლიერია, ფეხს კარგად იყენებს, ნახევარმცველის კვალობაზე ძალიან სწრაფი და მაღალია.
როცა 90 მილიონი ფუნტია გადახდილი ფეხბურთელში, უფრო მეტად ვაფასებთ და უფრო მეტი გვსურს. სეზონის ამ ეტაპზე მის თამაშს რომ ვუყურებ, ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რომელია მისთვის საუკეთესო პოზიცია. რა ტიპის ფეხბურთელია? რა უნდა რომ იყოს?
ასე მგონია, ცოტ-ცოტა ყველაფერს ესწრაფვის. როცა 90 მილიონს იხდი, შედეგები გჭირდება, მას კი ეს შედეგები ვერ მოაქვს.
ჯერ ახალგაზრდაა და ალბათ მოიტანს შედეგებს, მაგრამ ამჟამად, ის სულაც არ გამხდარა ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.
დრო უნდა მივცეთ და მომდევნო სეზონამდე მოვიცადოთ და ვნახოთ, გახდება თუ არა უკეთესი. 90 მილიონ ფუნტად შეფასებული ნახევარმცველი უნდა დომინირებდეს და მჯერა, რომ ამას შეძლებს".