ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ადვილი იქნება, რადგანაც ედ ვუდვორდს თავისი სამიზნეები უკვე დაუსახელა.
პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა დაადასტურა, რომ მისი გუნდი მინიმუმ 3 ფეხბურთელის შეძენას ეცდება მომდევნო სეზონის დაწყებამდე, რათა გუნდი "სხვა დონეზე" აიყვანოს.
ერიკ ბაიი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი და პოლ პოგბა გასულ წელს ჯამური 145.3 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა კლუბმა და მოსალოდნელია, რომ ამჯერად "წითლების" პრიორიტეტული სამიზნე მადრიდის "ატლეტიკოს" ბომბარდირი ანტუან გრიზმანი იქნება, რომლის გამოსასყიდი თანხაც 86 მლნ. ფუნტია.
როცა ჰკითხეს, კონკრეტულად რომელი პოზიციების გაძლიერება სურდა, მოურინიომ სიცილით უპასუხა: "ვერ გეტყვით! ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემს ხელმძღვანელობას რთული, მაგრამ ამავდროულად იოლი საქმე ელის. ადვილია, რადგან სახელებს მივცემ.
მე იმას არ ვიძლევი, რასაც მეკითხებით - შესაძლებლობები ან პოზიციები. მე სახელებს ვასახელებ. სირთულე ამ სახელების მიღებაშია. ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან რთული. როგორც წესი, სამიზნეების დასახვის შემდეგ იდეალური ბაზარი არ არსებობს. ძალიან რთულია ზუსტად იმის მიღება, რაც გსურს, განსაკუთრებით დღეს.
მაგრამ ჩვენ გაუმჯობესება, ახალ ეტაპზე ასვლა გვინდა. ის ფეხბურთელები დავკარგეთ, რომლებიც პირველ არჩევანში მნიშვნელოვანები არ იყვნენ, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ დეპაი, შნეიდერლინი და არავინ შეგვიძენია.
სეზონის ბოლოს ყველა კლუბშია ორი მომსვლელი და სამი წასვლელი ფეხბურთელი. ეს ნორმალურია. იქნება რამე ნორმალური ჩვენი გუნდის გლობალურად გასაძლიერებლად.
არ ვამბობ, რომ ზუსტად ერთი კონკრეტული პოზიცია უნდა გავაძლიეროთ. ჩვენ გლობალურად უნდა გავძლიერდეთ, როგორც ამას სხვები აკეთებენ".