თავის დროზე შინჯი კაგავა დორტმუნდის "ბორუსიამ" რამდენიმე ასეულ ათას ევროდ იყიდა, თუმცა იაპონელმა ისე შთამბეჭდავად დაიწყო გერმანული კარიერა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ მისი სატნრასფერო ღრებულება უკვე 10 მილიონი ევრო იყო.
შემდეგ, მართალია, აზიის თასზე მიღებული ტრავმის გამო კაგავას სერიოზული შეფერხება მოუხდა, მაგრამ საბოლოოდ მან დორტმუნდის "ბორუსიაში" თავისი სიტყვა ხმამაღლა თქვა, ყოველ შემთხვევაში, ორ საჩემპიონო სეზონში ლომის წილი დაიდო, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ დორტმუნდელთა მიერ შეთავაზებული ახალი კონტრაქტიც იუარა და ნათელი გახდა, რომ იაპონელი "ვესტ ფალენ სტადიონზე" დიდხანს აღარ გაჩერდებოდა.
დასახელდა რამდენიმე ვარიანტი. გაკვრით ითქვა "ინტერისა" და "რეალზე", ყველაზე მეტად თავიდანვე "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურობდა საბოლოოდ სერ ალექს ფერგიუსონმა სასრუველი ფეხბურთელი 20 მილიონ ევროდ შეიძინა.
კაგავამ პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი მეორე შეხვედრაში გაიტანა. ჯერჯერობით მის აქტივში რამდენიმე კარგად ჩატარებული შეხვედრაა, თუმცა ფაქტია, რომ მისგან სერ ალექს ფერგიუსონი და ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ქომაგებიც გაცილებით მეტს ითხოვენ.
თავად ფეხბურთელი კი ოპტიმისტურადაა განწყობილი და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად მრავალი ტიტულების მოგებაზე ოცნებობს: "მერწმუნეთ, აქ იმიტომ გადმოვედი, რომ ამ გუნდთან ერთად ბევრი გამარჯვება ვიზეიმო. დორტმუნდის "ბორუსიაში" თამაშისას ორ სეზონში ორჯერ შევძელი ოქროს მედლების დაუფლება, იმედი მაქვს, ევროპაში მესამე სეზონიც ასევე წარმატებული გამოდგება. სერ ალექს ფერგიუსონზე კი ცალკე უნდა ვთქვა. მასთან გატარებული თითოეული დღე უდიდეს გამოცდილებას მაძლევს. ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია, ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უნდა მიუდგეს თითოეულ ფეხბურთელს, თუ საჭიროა, გიყვირებს კიდეც, მაგრამ კარგად ხვდები, რომ ამას გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს".
შინჯი კაგავა ამასთანავე პრემიერლიგის მიმდინარე სეზონზეც გამოთქვამს თავის მოსაზრებას და ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტად არა თანაქალაქელ "სიტის", არამედ ლონდონის "ჩელსის" მიიჩნევს: "მართალია, "სიტი" ახლა მოქმედი ჩემპიონია და რობერტო მანჩინის გუნდი ჯერჯერობით დაუმარცხებლად ასპარეზობს, მაგრამ მათი თამაშის ყურადღებისას აშკარად მიჩნდება შეგრძნება, რომ მომავალ ჩემპიონს არ ვუყურებ. სამაგიეროდ, ძალიან სოლიდურად გამოიყურება "ჩელსი". ლონდონელები ყველა რგოლში თანაბრად არიან დაბალანსებულნი და თითოეულ შეხვედრას მაქსიმალური მობილიზებით ხვდებიან, თანაც შემადგენლობის მხრივ "ჩელსი" არავის არ ჩამოუვარდება".
შინჯი კაგავამ მოსაზრება გამოთქვა იაპონიის ნაკრებზეც. კუნძულელთა ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრები ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება: "მას შემდეგ, რაც იაპონიის ნაკრები ალბერტო ძაკერონიმ ჩაიბარა, ჩვენი სათამაშო სტილი არ შეცვლილა, მაგრამ შედარებით უფრო ფრთხილად დავიწყეთ თამაში, რაც ძალიან კარგია. ასე გაცილებით უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ, რაც უკვე დასტურდება".
"ჯერჯერობით მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული არ გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ შესარჩევ ეტაპს წარმატებით გავივლით და მუნდიალზე საგზურს აუცილებლად მოვიპოვებთ. ვერავის დავპირდებით, რომ ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მთავარი ფავორიტები ვიქნებით, თუმცა თითოეულ შეხვედრაში ნებისმიერ მეტოქეს დიდ ბრძოლას რომ გავუმართავთ, ფაქტია. კონკრეტული მიზანი ალბათ, ჯგუფიდან გასვლა იქნება, თუმცა არა მგონია, მერვედფინალში წაგებამ რომელიმე ჩვენგანი კმაყოფილი დატოვოს"