"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აღიარებს, რომ ოთხ სხვადასხვა ტურნირზე ასპარეზობა მის გუნდს დიდ პრობლემებს შეუქმნის, მაგრამ მზად არის, ამას გაუმკლავდეს და ყველა ტურნირის მოგება სცადოს.
"წითელი ეშმაკები" დღეს "სენტ-ეტიენთან" მატჩით ევროპა ლიგაზე ასპარეზობას განაახლებენ, რის შემდეგაც ინგლისის თასის მატჩს ჩაატარებენ.
"იუნაიტედი" ერთადერთი ინგლისური გუნდია, რომელიც ოთხ სხვადასხვა ტურნირზე ასპარეზობს და ამის შედეგად პრემიერ ლიგაში მისი ერთი მატჩი უკვე გადაიდო. "საუთჰემპტონთან" ლიგის თასის ფინალური მატჩის ჩატარების გამო "წითლები" პრემიერ ლიგაში მანჩესტერული დერბის მატჩს მოგვიანებით გამართავენ.
იგივე შეიძლება მოხდეს "საუთჰემპტონთან" პრემიერ ლიგის მატჩში, თუკი "იუნაიტედი" ინგლისის თასის მეოთხედფინალში გავა.
მოურინიო ამ ვითარების სირთულეს შესანიშნავად აცნობიერებს, მაგრამ ტურნირებზე ასპარეზობის გაგრძელებას ბრძოლის ხარჯზე აპირებს.
"სენტ-ეტიენთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიოს ჰკითხეს, თუ როგორ იმოქმედებდა ოთხ ტურნირზე ასპარეზობა პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვედრაზე, რაზეც უპასუხა:
"თუ მკითხავთ, გვინდა თუ არა "სენტ-ეტიენის" დამარცხება და მომდევნო ეტაპზე გასვლა, გიპასუხებთ: "დიახ.". ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ რომელიმე ტურნირზე უარის თქმას არ ვაპირებთ. გამარჯვების მოპოვებას და მომდევნო ეტაპზე გასვლას ვეცდებით, იმის გათვალისწინების ფონზეც კი, რომ "სიტისთან" ჩვენი მატჩი გადატანილია და "ბლექბერნს" თუ მოვუგებთ, კიდევ ერთ მატჩს გადაიტანენ, რადგან მეოთხედფინალური მატჩები იმავე დროს გაიმართება, რა დროსაც პრემიერ ლიგის შეხვედრა.
ასე რომ, თუ ასე მოხდება, ბევრი, ბევრი, ბევრი პრობლემა გვექნება, პლუს ის ფაქტიც, რომ ევროპა ლიგაზე ხუთშაბათობით ვთამაშობთ, გარდა საპასუხო მატჩისა, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება "სენტ-ეტიენსა" და "ლიონს" შორის დაპირისპირების გამო.
ასე რომ, ხუთშაბათს თამაშის შემდეგ არასდროს გვათამაშებენ ორშაბათს და ზედმეტი დღე არ მოგვეცემა დასვენებისთვის. მაგალითად, "მიდლსბროსთან" მატჩი კვირისთვის ჩაგვისვეს დღის ოთხ საათზე. ამიტომ, თუ "სენტ-ეტიენს" მოვუგებთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ, ძალიან რთული მატჩი გვექნება "მიდლსბროსთან" კვირას 4 საათზე.
გვესმის, რომ ძალიან რთული იქნება. გვესმის, რომ ეს პრემიერ ლიგაში ასპარეზობაზე იქონიებს გავლენას, იქ ხომ სრულიად სხვა პირობებია. მაგალითად, "ლივერპული" მხოლოდ პრემიერ ლიგაში თამაშობს. "ჩელსი" - პრემიერ ლიგასა და ინგლისის თასზე. ჩვენს მსგავს სიტუაციაში იმყოფება "ტოტენჰემი".
მაგრამ ჩვენ წინსვლა გვსურს, ამაშია არსი. ჩვენ ტურნირებზე მონაწილეობით რთული გზა გვირჩევნია, ვიდრე ტურნირებიდან გამოვარდნა და იოლ გზაზე ყოფნა. "სენტ-ეტიენთან" მატჩს მთელი სერიოზულობით ვეკიდებით, ხოლო კვირას - "ბლექბერნთან" თამაშს".
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.