ხუან მატას მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაში "უოტფორდთან" მატჩის პირველ ტაიმში მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო 45 წუთი იყო.
შეხვედრაში ანგარიში ესპანელმა გახსნა და შესვენების შემდეგ ენტონი მარსიალმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. გამარჯვების შედეგად "იუნაიტედი" პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგაში 2000 ქულა დააგროვა და მიმდინარე სეზონში 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
"ვფიქრობ, დღეს კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ძალიან შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით, შანსებს ვქმნიდით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ, უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სამი ქულა ავიღეთ კარგი ფეხბურთის თამაშის ფონზე და გულშემატკივრები დღეს სახლში ძალიან ბედნიერები დაბრუნდებიან.
სეზონის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ტაიმი იყო, რადგან პირველივე წუთებიდან ვიცოდით, რომ მაღალი ტემპით უნდა გვეთამაშა. ბურთი სწრაფად უნდა გავათამაშოთ და ხანდახან უკანაც ჩამოვირბინოთ. ძალიან სასიამოვნო იყო ყურება და უფრო კარგი იყო თამაში", - განაცხადა მატამ.
ჩემპიონატში თავისი მეექვსე გოლის გატანის შემდეგ შემტევმა ნახევარმცველმა თავისი ბუცი გაიხადა აღნიშვნის დროს.
"ბუცი ნახევრად გამძვრა, როცა გავიტანე, აღნიშვნის დროს კი მთლიანად გამძვრა. "ადიდასს" კარგი რეკლამა გავუკეთე!", - იხუმრა მატამ.
მარსიალმა, რომელმაც ხუანს საგოლე გადაცემა გაუკეთა, 28 წლის ესპანელისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა.
"მის გამო ძალიან მიხარია. რამდენიმე რთული კვირა ჰქონდა, მაგრამ კარგად ივარჯიშა. დიდებული მეგობარი, დიდებული მოთამაშეა და ბევრ რამეს გვძენს, ახლა კი თავდაჯერებული გახდება."
პრემიერ ლიგის მომდევნო ტურის მატჩამდე "იუნაიტედს" ოთხი სათასო მატჩის ჩატარება მოუწევს, მატა კი შესანიშნავად აცნობიერებს "ბორნმუთთან" მატჩში სამი ქულის აღების მნიშვნელობას.
"თანმიმდევრულობის პოვნა გვჭირდება ჩვენს თამაშში და დღეს ეს ვიპოვეთ, რის შედეგადაც ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ. ცხრილში ოდნავ მაღლა წავიწიეთ და სულ უფრო მაღლა ასვლა გვინდა.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით გადატვირთული კვირისთვის. თასებზე და ევროპა ლიგაზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია", - დაასრულა ესპანელმა.