ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ მისი "მანჩესტერ იუნაიტედი" მეტოქეს სიურპრიზებს შესთავაზებს, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება.
"წითლების" მთავარი მწვრთნელი შეაქეს "ლესტერ სიტისთან" განხორციელებული ტაქტიკური ცვლილების გამო, რაც ჰენრიხ მხითარიანის "ათიანის" პოზიციაზე გადაყვანაში მდგომარეობდა.
სომეხი შემტევი ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და მარკუს რეშფორდთან ერთად შემტევი ტრიოს ნაწილს წარმოადგენდა, მაგრამ ცვლილების განხორციელების შემდეგ მან ოდნავ უკან დაიხია, საიდანაც ხუან მატასთან ერთად შვედ ფორვარდს დახმარებას უწევდა და შედეგად "იუნაიტედმა" 3-0 მოიგო.
სოლო გოლმა, მატასთვის გაკეთებულმა საგოლე გადაცემამ და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებამ მხითარიანი მოურინიოს საქებარი სიტყვების ობიექტად აქცია.
"უოტფორდთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიოს ჰკითხეს, თუ სად გამოიყენებდა მხითარიანს და სად ხედავდა მისთვის საუკეთესო პოზიციას, რაზეც უპასუხა: "ყველგან გამოვიყენებ, სადაც დამჭირდება.
როგორც დაინახეთ, მარცხენა მცველადაც კი ითამაშა, ასე რომ, მზად არის. მისი მენტალობა შეიცვალა, იმავე პროფილის ფეხბურთელია და ეს არც შეიცვლება, მაგრამ მენტალობა შეიცვალა, მიდგომა შეეცვალა.
ჩვენთვის სათამაშოდ მზად არის და რაც წინა კვირას გავაკეთეთ, კიდევ უფრო და უფრო მეტად გავაკეთებთ - კონკრეტული სისტემით დაწყება და მეტოქის გაკვირვება, თუმცა უკან დასახევად და მატჩის მიმდინარეობისას ცვლილების განსახორციელებლადაც მზად არის. ამის გაკეთება მხოლოდ მომწიფებით, შრომით, დროით და შენი ფეხბურთელების უნარების ცოდნით შეიძლება, ამ კვირაში კი ყველაფერზე ვიმუშავეთ.
ერთისთვისაც ვიყავით მზად და მეორისთვისაც, ჩემს ფეხბურთელებს კი ვუთხარი, რომ შეეცვალათ. ფეხბურთელების შეცვლა არ მჭირდება, მხოლოდ მოედანზე მათი როლის შეცვლაა საჭირო. ასე რომ, მზად იყავით, რადგან 5, 10 ან 20 წუთში შევიცვლებით.
ვფიქრობ, ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტი ტევადობა გვაქვს ამის საცდელად და მეტოქის გასაკვირვებლად ან მატჩის მიმდინარეობისას მათთვის მეტოქისთვის სირთულეების შესაქმნელად".