"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მადრიდის "რეალისგან" არავითარი მცდელობას არ ელის დავიდ დე ხეას გადასაბირებლად.
26 წლის მეკარე ბოლო სამი წლის განმავლობაში კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელად სახელდებოდა.
დე ხეას კონტრაქტი "ოლდ ტრაფორდთან" 2019 წლამდე აკავშირებს და მიუხედავად იმისა, რომ "რეალის" ერთი მცდელობა მისი გადაბირებისა, კრახით დასრულდა, არ წყდება ჭორები იმის თაობაზე, რომ მადრიდულ გრანდს დავიდის სამშობლოში დაბრუნება სურს.
"რეალთან" ერთად დე ხეათი "იუვენტუსიც" ინტერესდება, რომელსაც ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელის პოვნა სურს.
თუმცა, მოურინიოს არ სჯერა, რომ რომელიმე კლუბს გამოუვა ესპანელი მეკარის გადაბირება.
"მისტერ პერესის და მისი მარჯვენა ხელის, ხოსე ანხელ სანჩესის შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ რადგან მათთან აღარ ვმუშაობ, ყველაფერი დასრულდა.
შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ სამუდამო მეგობრები, კარგი მეგობრები ვართ. ისინი ძალიან მომწონან, მათაც ძალიან მოვწონვარ. ჩვენ მეგობრები ვართ, მეგობრები კი ლაპარაკობენ - ყოველდღე ვერა, რადგან მათ საკუთარი ცხოვრება აქვთ, მე ჩემი.
მაგრამ მეგობრები ლაპარაკობენ და თანაც გულახდილად, მეგობრები არაფერს მალავენ, პატიოსნები არიან.
ასე რომ, სეზონის ბოლოს მე რომ მომინდეს მათი ერთ-ერთი ფეხბურთელის შეძენა ან მათ სურდეთ ჩემი ერთ-ერთი ფეხბურთელის შეძენა, ერთმანეთს პრესის საშუალებით არ გავუგზავნით შეტყობინებებს და ხმებს არ გავავრცელებთ.
ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან პირდაპირები ვიქნებით, ესე იგი, "რეალი" ერთ-ერთი ის კლუბია, რომლის გამოც არ ვღელავ, რადგან მეგობრები ვართ.
და თუ რამე უნდა მოხდეს, ეს ჩვენ შორის გახდება ცნობილი და არა თქვენთვის. ამიტომაც მერწმუნეთ, ამ კლუბთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს."
როცა ჰკითხეს, დე ხეა - რომელიც ამბობს, რომ "იუნაიტედში" ბედნიერია და მხოლოდ ამ კლუბზე ფიქრობს - დარჩება თუ არა "ოლდ ტრაფორდზე", მოურინიომ უპასუხა: "სათქმელი არაფერი მაქვს, მართლა, რადგან, როგორც გითხარით, ჰიპოთეტიკურ საკითხებზე არ ვილაპარაკებ.
ერთადერთი რეალობა ის არის, რომ ჩემი ფეხბურთელია და მისით კმაყოფილი ვარ.
ვიცი, რომ ისიც კმაყოფილია ჩემით და მეტი არაფერი. აბსოლუტურად არაფერი."