ჰენრიხ მხითარიანი აცხადებს, რომ 2016 წლის ზაფხულში, როცა დორტმუნდის "ბორუსიას" ტოვებდა და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას აპირებდა, გადაწყვეტილების მიღებისას უფრო დიდ კლუბში გადასვლის პრინციპით იმოქმედა და არა ფინანსურ მიზნებზე დაფუძნებით.
ბუნდესლიგაში ასპარეზობისას მხითარიანმა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახევარმცველის სახელი გაითქვა. "ბორუსიას" რიგებში ასპარეზობის სამი წლის განმავლობაში მან 140 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 41 გოლი გაიტანა და 49 საგოლე გადაცემა გააკეთა.
როცა სომეხი ფეხბურთელის შეძენის სურვილი "იუნაიტედმა" გამოთქვა, "ბორუსიას" მისი შენარჩუნება სურდა, მაგრამ 28 წლის ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის საშუალებაზე უარი ვერ თქვა.
"თავდაპირველად "იუნაიტედი" არ იყო ჩემი საოცნებო კლუბი, მაგრამ ყოველთვის იყო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბებს შორის. "მანჩესტერ იუნაიტედი" უფრო დიდი კლუბია, ვიდრე დორტმუნდის "ბორუსია" და ეს ყველამ იცის, უნდა აღიაროთ.
ამ გამოწვევაზე უარს ვერ ვიტყოდი."
ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევდა, რომ ჰენრიხმა დორტმუნდი ფინანსური მიზნების გამო დატოვა, მაგრამ ნახევარმცველი ამას უარყოფს. "ჩემთვის რთულად გასაგებია კრიტიკა იმის თაობაზე, რომ "იუნაიტედს" ფულის გამო შევუერთდი. ცალსახა სიცრუეა.
ჩემთვის ყველაფერს ფული რომ წყვეტდეს, დონეცკის "შახტიორის" დატოვების შემდეგ მახანჩკალის "ანჟიში" გადავიდოდი და არა დორტმუნდის "ბორუსიაში".
მაგრამ ეს არ მინდოდა. მე მხოლოდ განვითარება მსურდა. დორტმუნდის დატოვების გადაწყვეტილება კლუბის საწინააღმდეგოდ არ მიმიღია. მე მხოლოდ ახალ გამოწვევას ვეძებდი."