ჰენრიხ მხითარიანს მიაჩნია, რომ მოურინიოს ტაქტიკურმა გათვლამ გუნდის წარმატებას შეუწყო ხელი.
ჰენრიხ მხითარიანს მიაჩნია, რომ "ლესტერ სიტისთან" 3-0 გამარჯვებაში "მანჩესტერ იუნაიტედს" ტაქტიკურმა ცვლილებებმა შეუწყო ხელი.
"წითლებმა" თამაში 4-4-2 ფორმაციით დაიწყეს, მოედნის მარცხენა ფლანგზე სომეხი ფეხბურთელის გამოყენებით, ხოლო თავდამსხმელად იბრაჰიმოვიჩისა და რეშფორდის წყვილით, სანამ მოურინიო 4-2-3-1 სქემაზე გადავიდოდა და მხითარანი მარცხენა ფლანგიდან ათიანის პოზიციაზე გადაინაცვლებდა.
შედეგად "იუნაიტედმა" პირველივე ტაიმში გაიტანა ორი გოლი, რისთვისაც გუნდს 88 წამი დასჭირდა.
შთამბეჭდავმა სომეხმა, რომელმაც ჩატარებულ გამოკითხვაში ხმების 83 პროცენტის მიღების შედეგად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მოიპოვა, მოგვიანებით ხუან მატას საგოლე გადაცემა გაუკეთა და "წითლებმაც" საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
"შემიძლია გითხრათ, რომ თამაში ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მატჩის დროს, როცა მწვრთნელმა ფორმაცია შეცვალა, მე ათიანის პოზიციაზე გადავიწიე და მარკუს რეშფორდი ვინგერად გადავიდა, ბურთს უფრო მეტად ვაკონტროლებდით და გოლის გატანის მეტი შანსიც გვქონდა, რაც შევძელით.
ჩემი გოლის შემდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მთელი მატჩის განმავლობაში ვაკონტროლებდით თამაშს და ბურთს ვფლობდით, ამიტომაც გავიტანეთ მეორე და მესამე გოლი."პირველი ტაიმი "ქინგ პაუერ სტედიუმზე" 42-ე წუთზე გახდა შედეგიანი, როცა მხითარიანმა კრის სმოლინგის პასით ისარგებლა, "ლესტერის" მცველებს სისწრაფის ხარჯზე აჯობა და კასპერ შმეიხელს გოლი გაუტანა.
თავისი სეზონის მეხუთე გოლი 28 წლის ფეხბურთელმა ასე აღწერა:
"ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, ბურთის მიღება იყო და ამ პროცესში ორი რამ გავაკეთე ერთის ნაცვლად. ბურთი მივიღე და რობერტ ჰუტს გავცდი, შემდეგ კი თავისუფალი სივრცე მქონდა და წინ წავიწიე, მეკარის წინ რომ აღმოვჩნდი, შორეული კუთხე დაუფარავი დავინახე და იქ დავარტყი."მხითარიანმა კარგი ინდივიდუალური თამაში აჩვენა და მატასთან, მესამე გოლის ავტორთან იდეალური პარტნიორობა გამოავლინა.
"მსოფლიო კლასის ფეხბურთელია და ვიცოდი, რომ ბურთს თუ დავიჭერდი, თავისუფალ ზონაში გაიხსნებოდა და ასეც მოხდა. ვიცოდი, რომ იქ იქნებოდა და მეც პასი გავაკეთე, რის შემდეგაც კარგი გოლი გაიტანა.""ლესტერთან" მოგებით პრემიერ ლიგაში სამმატჩიანი ფრეების სერია დასრულდა და "წითლები" ახლა მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან მეხუთე ადგილზე მყოფ "ლივერპულს", მეოთხე ადგილზე მყოფ "არსენალს" კი 2 ქულით. მიუხედავად იმისა, რომ მხითარიანი შესანიშნავად აცნობიერებს კონკურენტებზე ზეწოლის მნიშვნელობას, სომეხი ფეხბურთელის თქმით, გუნდი მხოლოდ თავის თამაშზე ფიქრობს.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მეტოქეებზე არ ვფიქრობდით. მათ თავიანთი მატჩები დათმეს, მაგრამ ჩვენ ჩვენს თამაშზე ვფიქრობდით. ეს კარგი საქციელი იყო, რადგან წინა მატჩში "ჰალ სიტის" წინააღმდეგ ჩვენი მეტოქეების წაგებულ მატჩებზე ვფიქრობდით და აუცილებლად უნდა მოგვეგო, რამაც ჩვენზე ზეწოლა მოახდინა.
ამჯერად კი არ გვიფიქრია და ამ თამაშს უფრო საღი გონებით შევხვდით და მხოლოდ ჩვენი თამაშის მოგებაზე ვფიქრობდით, რის შემდეგაც ყველაფერი კარგად იყო."წყარო:
manutd.com