ჰენრიხ მხითარიანი აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის დამკვიდრებამდე "შავი დღეები" გამოიარა.
2016 წლის ზაფხულში "ბორუსიადან" "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ სომეხ ფეხბურთელს ჟოზე მოურინიოს გუნდში თავისი შესაძლებლობების დამტკიცება უჭირდა. მისი პირველი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში 10 სექტემბერს შედგა და მხოლოდ 45 წუთი დაჰყო მოედანზე.
ამის შემდეგ მხითარიანი ჩრდილში მოექცა და ორი თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა თამაშს.
ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი მოურინიოსთვის, მაგრამ დეკემბერში მის მიერ ჩატარებულმა კარგმა მატჩებმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაუმკვიდრა.
28 წლის ფეხბურთელი მოხარულია, რომ თავისი ფეხბურთისგან კვლავ იღებს სიამოვნებას და სურს, რომ "იუნაიტედთან" ერთად უფრო მეტს მიაღწიოს.
"მანჩესტერში ჩემი ცხოვრებისგან მართლაც ვიღებ სიამოვნებას, ვარჯიშებისგანაც, ჩემი თამაშისგანაც და ყველაფრისგან.
თავი კარგად დავიმკვიდრე და უკეთესი რომ გავხდე, უფრო მეტს ვშრომობ, რადგან ვიცი, რომ მეტი შემიძლია.
მანჩესტერში მთელი ჩემი პოტენციალი ჯერ არ გამომივლენია, მაგრამ ყოველ მატჩში ვცდილობ მაქსიმუმის გაკეთებას, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც კლუბისა და გულშემატკივრებისთვის. შესაძლოა, ზოგიერთ მატჩში ამან არ გაამართლოს, მაგრამ მაინც ვშრომობ და გაუმჯობესებას ვცდილობ.
ცხოვრებაში ყოველთვის კარგი პერიოდი ვერ გექნება. ხანდახან შავი დღეები გაქვს და ამას ალბათ, არ ველოდი, მაგრამ მზად ვიყავი, იმიტომ, რომ ასეთი სიტუაცია დორტმუნდში უკვე მქონდა.
ყველაფერი შენი გონებიდან მოდის. საკუთარ თავს უნდა აიძულო, მოვლენები შენდა სასარგებლოდ წარიმართოს. თუკი ნებდები, ვერაფერი დაგეხმარება. დამწუხრებული თუ ხარ, ვერაფერი დაგეხმარება. პოზიტიური განწყობა უნდა შეინარჩუნო და მომდევნო შანსის მისაღებად ძალიან კარგად იშრომო", - განაცხადა ჰენრიხმა.