"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა პრემიერ ლიგაში ფრედ დასრულებულ მატჩებში მხოლოდ გამარჯვება დაიმსახურა.
"იუნაიტედს" ამჟამად სამმატჩიანი ფრეთა სერია აქვს ინგლისის ჩემპიონატში და მიუხედავად იმისა, რომ ორ მათგანში გუნდი მარცხდებოდა და შეხვედრის მიწურულს მოიპოვა ერთი ქულა, ჟოზე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ დაკარგული ორი ქულა იყო ნაცვლად მოპოვებული ერთისა.
"არასდროს გვითამაშია ფრე, რომელზეც შეიძლებოდა გვეთქვა, რომ დავიმსახურეთ ან გაგვიმართლა - ყოველთვის ნაკლებს ვიღებდით. მაგრამ რეალობა მხოლოდ ქულებშია და ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ "ჰალთან".
ახლაც იმავე ვითარებაში ვართ, რომელშიც იმ მატჩის წინ ვიყავით. სასურველი სამი ქულა ვერ ავიღეთ, რაც მარტივად რომ ვთქვათ - ცუდი შედეგია.
იმას ვაკეთებთ, რაც დიდი ხანია გვსურს - მომდევნო მატჩის მოგება. ყოველ ფრედ ნათამაშებ შეხვედრაში გამარჯვებას ვიმსახურებდით", - განაცხადა პორტუგალიელმა.