ნიკი ბატს მიაჩნია, რომ აქსელ ტუანზებე "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის სხვა წევრებისთვის ნათელი მაგალითი უნდა იყოს.
კლუბის აკადემიის დროებითმა მწვრთნელმა ტუანზებესთან ერთად გარკვეული პერიოდი გაატარა და ამაყობს, რომ მისმა ყოფილმა შეგირდმა გუნდის რიგებში დებიუტი შეძლო.
"აქსელი ერთ-ერთი იმ ბიჭთაგანია, რომელსაც მარტივად ენდობი. რაც არ უნდა აკეთოს, მოედანზე გადის თუ ვარჯიშობს, თუ სახლში მიდის ან პრესის წინაშე წარდგება... უბრალოდ ენდობი. ჩვენი აკადემიის ფეხბურთელებისთვის იდეალური მაგალითია - როგორც მარკუს რეშფორდი.
აკადემიის საშუალებით სწორედ ასეთი ფეხბურთელების გაზრდა გვსურს ამ კლუბისთვის. გვინდა, რომ ისინი ხუთი, 10, 15 წლის განმავლობაში დარჩნენ აქ და "იუნაიტედის" ლიდერებად იქცნენ, ახალგაზრდებს კი აჩვენონ, როგორ უნდა აკეთონ საქმე.
მართლაც საოცარია, რომ ერთ-ერთი უდიდესი, ალბათ, უდიდესი კლუბი მსოფლიოში ახალგაზრდებს მაინც აძლევს თავის გამოჩენის შანსს. ეს ნიშნავს, რომ საკმარისად კარგი თუ ხარ, შანსს მაინც მიიღებ და სულერთია, ვის შეიძენს მწვრთნელი.
იქნება ეს მსოფლიოს რეკორდული ტრანსფერი პოლ პოგბას სახით თუ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მსგავსი სუპერვარსკვლავი, კარგი ახალგაზრდებისთვის ყოველთვის ღია იქნება კლუბის კარი."