"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა უკვე დაადასტურა, რომ კლუბის დატოვების ერთადერთი კანდიდატი, ეშლი იანგი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება, გუნდს კი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ახაწვეული არ ეყოლება.
მიმდინარე თვეში "იუნაიტედი" უკვე დატოვა ორმა ფეხბურთელმა, რომელთაგან ერთი "ევერტონის", მეორე კი "ლიონის" მოთამაშე გახდა - მორგან შნეიდერლინი და მემფის დეპაი, შესაბამისად.
მათ ნაცვლად პორტუგალიელს ახალწვეულები არ მიუყვანია და ამას არც ბოლო დღეს აპირებს.
"არცერთი ფეხბურთელი არ მოვა და არც წავა. გუნდს უკვე დააკლდა ორი მოთამაშე. შეიძლება თქვათ, რომ მემფის დეპაი და მორგან შნეიდერლინი ბევრს არ თამაშობდნენ, მაგრამ ზოგიერთ მატჩში ხომ თამაშობდნენ. ისინი რომ თამაშობდნენ, სხვები ისვენებდნენ.
როცა შნეიდერლინმა "ფეიენოორდთან", "ნორტჰემპტონსა" და "ფენერბაჰჩესთან" ითამაშა, პოგბამ, კერიკმა ან ერერამ დაისვენეს, ასე რომ, ეს დანაკარგია. ისე ჩანს, თითქოს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არ არიან ისინი, ვინც გუნდის პირველ არჩევანს არ წარმოადგენენ, მაგრამ ბოლოს გამოჩნდება, რომ მნიშვნელოვანები იყვნენ. ვინმეს თუ ექნება რთული განრიგი მატჩების ჩატარების მხრივ, იმედი მაქვს, ეს ჩვენ ვიქნებით, რადგან სათასო ტურნირებზე ვითამაშებთ.
ლიგის თასის ფინალის გამო "მანჩესტერ სიტისთან" ჩვენი მატჩი გადაიდო, ამის გარდა კი "ბლექბერნთან" ინგლისის თასის შეხვედრაც გვაქვს. ამ შეხვედრას თუ მოვიგებთ, მაშინ სხვა მატჩიც გადაიდება. ევროპა ლიგაზე ვასპარეზობთ და უფრო მეტი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, ასე რომ, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. ორი ფეხბურთელი დავკარგეთ და მეტს ვეღარ დავკარგავთ", - განაცხადა მოურინიომ.