"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ მან უკვე უარი თქვა ჩინეთიდან მიღებულ შეთავაზებაზე.
ბოლო თვეებში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი გადავიდა ჩინეთის სუპერ ლიგაში, აზიური კლუბები კი ოსკარის, კარლოს ტევესისა და სხვების გადაბირებას არ დასჯერდებიან და უფრო მეტი სახელოვანი ფეხბურთელის მოხიბლვას აპირებენ.
გარდა მოთამაშეებისა, შორეულ აღმოსავლეთში მწვრთნელებსა და მსაჯებსაც კი იწვევენ, პორტუგალიელი სპეციალისტი კი მათ შორისაა, ვინც უკვე მიიღო ასეთი წინადადება.
"ჩინეთიდან მიღებული დიდი შემოთავაზება უკვე უარვყავი, მაგრამ არავის გავაკრიტიკებ, ვინც ამას აკეთებს.
მათი არჩევანი, მათი ცხოვრებაა. მხოლოდ ისინი წყვეტენ, რა სჭირდებათ მომავლისთვის. პრემიერ ლიგაში მოღვაწე სხვა მწვრთნელები კრიტიკულად უდგებიან, მაგრამ მე - არა.
ვღელავ, რადგან მათ ისეთი კონტრაქტის შეთავაზება შეუძლიათ, რაც ევროპაში შეუძლებელია. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ისეც შეიძლება გამოვიდეს, რომ წასვლის სურვილის მქონე ფეხბურთელი ის არის, ვისი შენარჩუნება არც კი გინდა.
წარმოიდგინეთ ბიჭი, რომელიც 24 ან 25 წლისაა და წასვლა უნდა? 24 და 25? კარგი, მშვიდობით, ბედნიერებას გისურვებ... 31 და 32 წლის ფეხბურთელი კი რამდენიმე წლით მიდის და უკან საბანკო ანგარიშის შევსებით ბრუნდება, კარგი.
მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც საუკეთესო ტურნირზე თამაშის საშუალება აქვთ და მაინც მიდიან, იქნებ სჯობდეს კიდეც, რომ მიდიან", - განაცხადა მოურინიომ.