ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების საშუალება ეძლევა, ეშლი იანგია.
31 წლის ინგლისელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა ბოლოს "უიგანთან" მატჩის განაცხადში იყო.
მოურინიომ ახსნა, თუ რატომ არ დააყენა ეშლი სასტარტო შემადგენლობაში და რატომ ათამაშა მის ნაცვლად ჯერ ახალგაზრდა ტიმოთი ფოსუ-მენსა, შემდეგ კი აქსელ ტუანზებე.
"ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის შესაძლო წასვლის შესახებაც ვიცი და ველოდები 31 იანვარს, რათა გავიგო, რა მოხდება - ეშლი იანგია. მოთამაშე, რომლის შენარჩუნებაც მსურს.
ბედნიერი ნამდვილად არ ვიქნები, თუკი წავა, მაგრამ ის ერთადერთი მოთამაშეა, რომლის შესაძლო წასვლის შესახებაც მაცნობეს, ამიტომაც არ ვათამაშე, ამიტომაც მივეცი შანსი სხვა ფეხბურთელებს, რადგან არ ვიცი, ჩვენთან დარჩენას აპირებს თუ არა. ჩემზე რომ იყოს არჩევანის გაკეთება, რა თქმა უნდა, დავიტოვებდი", - განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა.