"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ფეხბურთელები სამწვრთნელო კარიერას ფინანსური სარგებლის ნახვის გამო არ იწყებენ, მათ მხოლოდ ფეხბურთში დარჩენის სურვილი აინტერესებთ.
ინგლისისა და "იუნაიტედის" კაპიტანი უეინ რუნი უკვე ემზადება სამწვრთნელო ლიცენზიის მისაღებად და კარიერის დასრულების შემდეგ მენეჯერის კარიერას დაიწყებს.
31 წლის ფეხბურთელს მიაჩნია, რომ მისი თაობის მწვრთნელები გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწევენ, რადგანაც მათ დამატებითი მოტივაცია აქვთ.
"ფეხბურთელები, რომლებიც ამ თაობას ეკუთვნიან, სამწვრთნელო საქმიანობას ფულის გამო არ იწყებენ, ამიტომ სურვილის მქონენი წარმატებას მიაღწევენ.
რა თქმა უნდა, ამის გაკეთება მეც მინდა. რაც უფრო ასაკში შედიხარ, თამაშზე უფრო მეტს ფიქრობ. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს უკავშირდება და იმ წუთიდან, როცა კარიერას დავასრულებ, ფეხბურთში დარჩენას ვეცდები. იმედი მაქვს, მწვრთნელი გავხდები", - განაცხადა რუნიმ.