აქსელ ტუანზებე მზად არის, ჟოზე მოურინიოზე შთაბეჭდილების მოხდენა განაგრძოს და "მანჩესტერ იუნაიედში" სადებიუტო თამაშის უფლება მოიპოვოს.
სარეზერვო გუნდის კაპიტანი "ჰალ სიტისთან" მატჩის წინ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და "წითლების" სტუმრად ჩასულ გუნდს თან ახლდა. მოურინიომ ახალგაზრდა ფეხბურთელი შეაქო და განაცხადა, რომ მას უახლოეს მატჩებში თამაშის საშუალება შეიძლება მისცეს.
"არ არსებობს ამაზე უკეთესი გრძნობა, მაგრამ გონებაში ვერ ჩავიბეჭდავ და ვერ მოვდუნდები. თავი უნდა დავხარო და მისთვის იმის მტკიცება გავაგრძელო, თუ რატომ უნდა სჯეროდეს ჩემი. ყოველდღე ამას უნდა ვეცადო და ვაჩვენო, თუ რატომ ვიმსახურებ გუნდში ყოფნას, რატომ ვარ აქ.
სუპერვარსკვლავებთან ერთად ვარჯიში ნამდვილად კარგი იყო და მათგან ყოველდღე ბევრს ვისწავლი. ყოველთვის სწავლის სურვილს გამოვთქვამ და ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ. მნიშვნელობა არ აქვს, რა დონეზე ვარ, 23-წლამდელები იქნებიან თუ პირველი გუნდი, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ, რათა გავუმჯობესდე", - განაცხადა ტუანზებემ.
აქსელს მიაჩნია, რომ შესაფერის კლუბში იმყოფება იმისათვის, რომ პირველი ნაბიჯები მალე გადადგას დიდ ფეხბურთში და ამის დასტურად ჯესი ლინგარდისა და მარკუს რეშფორდის მაგალითს იშველიებს.
"უდიდესი ბიძგია იმის ხილვა, რომ ჯესისა და მარკუსის მსგავსი ფეხბურთელები ფსკერიდან იწყებენ და შრომის ხარჯზე სისტემას გადიან. ამის ხილვა ყოველთვის დიდებულია. ბიძგს გაძლევს, მათ შეძლეს, მე რატომ ვერ შევძლებ?
დიდ ქებას იმსახურებს კლუბიც იმისათვის, რომ სჯერა ახალგაზრდების მოხვედრისა პირველ გუნდში. არა მგონია, ეს ყველა სხვა კლუბში ხდებოდეს და აქ მყოფი ფეხბურთელებისთვის ნამდვილი პოზიტივია."
ტუანზებეს ყოფილი მწვრთნელი უორენ ჯოისი ხვალ "ოლდ ტრაფორდზე" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის მატჩში "უიგან ატლეტიკის" მწვრთნელად დაბრუნდება, აქსელი კი აქებს ადამიანს, ვინც მის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.
"უდიდესი გავლენა იქონია, ყოველთვის გვამუშავებდა. დასვენების დღეები არ გვქონდა, მაშინაც კი, როცა პირველი გუნდი ისვენებდა, ჩვენ ზედმეტად ვმუშაობდით. სანაკრებო პაუზის დროსაც ზედმეტად ვშრომობდით. მან დიდი გავლენა იქონია და სასიამოვნია, რომ კვირას ბრუნდება."
და სანამ ტუანზებე თავისი დებიუტის მოლოდინშია, შევძლებთ კვირას მის ხილვას მოედანზე?
"მწვრთნელის გადასაწყვეტია. ყველაფერი, რაც მე უნდა გავაკეთო, ვარჯიშებზე ყოველდღე შრომა და იმის ჩვენებაა, რატომ უნდა ვიყო პირველ გუნდში."