მარკუს რეშფორდი მზარ არის, "მანჩესტერ იუნაიტედს" ლიგის თასის ფინალში გასვლაში დაეხმაროს და ამისთვის სტუმრად "ჰალ სიტის" დამარცხებას კიდევ ერთხელ აპირებს - აგვისტოში სწორედ მისი გოლის წყალობით მოიპოვა "იუნაიტედმა" ვეფხვებზე გამარჯვება.
ბრწყინვალე ახალგაზრდა ფორვარდი დარწმუნებულია, რომ ჟოზე მოურინიოს შეგირდები დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, მაგრამ აღიარებს, რომ "წითლები" ფრთხილად უნდა მოეკიდონ "ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებულ 2-ბურთიან უპირატესობას.
"ვფიქრობ, რომ ეს უდიდესი რამაა, რის გაკეთებასაც ვცდილობდით - ბოლო მატჩის ზურგს უკან მოტოვება, რადგან ამან უკვე ჩაიარა. ჰალში ახალი გამოწვევები გვექნება. მხარში ადგილობრივი გულშემატკივრები ამოუდგებიან და წინ წასვლისკენ მოუწოდებენ, ასე რომ, ყურადღების მოკრება მნიშვნელოვანია.
გოლს გავიტანთ თუ გავუშვებთ, მენტალიტეტი არ უნდა შევიცვალოთ - ყველა მატჩის მოგება უნდა ვცადოთ. თუ ჩვენს კონცენტრაციას შევინარჩუნებთ, დარწმუნებული ვარ, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა 19 წლის ფორვარდმა.
პრემიერ ლიგის მატჩში მსაჯის მიერ დამატებულ დროში გატანილი გოლი ინგლისელ ფორვარდს კარგ მოგონებებთან აკავშირებს. "ძალიან საინტერესო თამაში იყო. ვფიქრობ, "ჰალმა" ის ფორმა იპოვა, რასაც სეზონის სტარტზე აჩვენებდნენ. გუნდურად კარგად იცავენ თავს და ბევრ შანსსაც ქმნიან."
რეშფორდი რაიან მეისონის ტრავმასაც შეეხო, რომელმაც თავის ქალა დაიზიანა. "საშინელებაა, რაც მოხდა. ფეხბურთის მსგავს კონტაქტურ სპორტში ასეთი რამეები ხდება, რა თქმა უნდა, ყველა ბედნიერია, რომ ახალი ამბები უფრო კარგის მომასწავებელია და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ყველანი ვიმედოვნებთ, რომ მალე ითამაშებს."