"იუნაიტედის" მწვრთნელმა "სიტისთან" დერბის გადადების შესახებ ისაუბრა.
ჟოზე მოურინიო ლიგის თასის ფინალში გასვლის შემთხვევაში მატჩების განრიგში ცვლილების შეტანას უფრთხის.
"იუნაიტედს" ერთი ნაბიჯი აშორებს "უემბლიზე" თამაშამდე, რისთვის ხუთშაბათს "ჰალ სიტისთან" მატჩში 2-ბურთიანი უპირატესობის შენარჩუნებაა საჭირო.
იმ შემთხვევაში, თუ "იუნაიტედი" ამას მოახერხებს და ლიგის თასის ფინალში გავა, 26 თებერვალს ითამაშებს "უემბლიზე", რაც იმას ნიშნავს, რომ ამავე დღეს დანიშნული მანჩესტერული დერბი სხვა დროს ჩატარდება.
მოურინიო კი, რომელსაც პოტენციურად სეზონში 66 მატჩის ჩატარება შეიძლება მოუხდეს, სატელევიზიო ხელმძღვანელების მიერ დერბის ჩატარების თარიღის დანიშვნას უფრთხის.
გასულ სეზონში ტელევიზიასა და პრემიერ ლიგას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, პრემიერ ლიგის მატჩების განრიგს ტელევიზია ადგენს.
"იუნაიტედი" ევროპა ლიგაზეც თამაშობს, სადაც ასპარეზობას მომდევნო თვეში "სენტ-ეტიენთან" განაახლებს, მანამდე კი "ოლდ ტრაფორდზე" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში "უიგანს" დაუპირისპირდება.
"არ ვიცი, რამდენი ტურნირის მოგება შეგვიძლია. რთული იქნება. ნაბიჯ-ნაბიჯ თუ წავალთ, რთული იქნება.
"ჰალს" თუ დავამარცხებთ და ფინალში გავალთ, "მანჩესტერ სიტის" ვერ ვეთამაშებით. დარწმუნებული ვარ, სატელევიზიო ბოსები "სიტისთან" მატჩს ისეთ საოცარ მომენტში დაგვინიშნავენ, რომ საქმე გაგვირთულონ.
ევროპა ლიგის მატჩები შეუწყვეტელია. აქ უფრო მეტ შეხვედრას ატარებ, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე.
თუ პროგრესირებას შევძლებთ, ნამდვილად რთული იქნება. ვნახოთ, რა მოხდება.
მატჩიდან მატჩამდე მივდივართ. წააგებ და ინგლისის თასს დატოვებ, ფრეს ითამაშებ და კიდევ ერთი შეხვედრა გექნება "უიგანთან", ჩვენ კი არ გვჭირდება კიდევ ერთი მატჩი. ნამდვილად რთული იქნება", - განაცხადა მოურინიომ.
მიუხედავად ამისა, მოურინიო კმაყოფილია, რომ "იუნაიტედს" ცოტა მატჩი არ აქვს ჩასატარები.
"ვიცით, რომ რამდენიმე გუნდია, რომელსაც მშვენიერი ცხოვრება აქვს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა მშვენიერი ცხოვრება.
ისინი უქმე დღეებზე თამაშობენ, დასვენებისთვის ორი დღე აქვთ, ყველა ისვენებს და სიამოვნებას იღებს. უკან დაბრუნებული ყველა მხნედ გრძნობს თავს. მერე კი სამი, ოთხი ან ხუთი დღე აქვთ მოსამზადებლად. ახალი იდეები უჩნდებათ. ტაქტიკურ საქმიანობას ცხადად ეწევიან.
ყველა დეტალის დასამუშავებლად აქვთ საკმარისი დრო. სიმართლე გითხრათ, ეს დიდი განსხვავებაა".წყარო:
M.E.N.