"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ ყოფილ მწვრთნელს, სერ ალექს ფერგიუსონს მიაჩნია, რომ უეინ რუნის რეკორდი სამუდამოდ შენარჩუნდება.
ადამიანმა, რომელმაც რუნი 2004 წელს შეიძინა "იუნაიტედში" და ინგლისელი ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი გახადა მსოფლიო ფეხბურთში, "იუნაიტედის" ოფიციალური ტელევიზიისთვის ინტერვიუს მიცემისას "წითლების" კაპიტნისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. სერ ალექსმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ვინმესთვის რთული იქნება, მათ შორის ახალგაზრდა მარკუს რეშფორდისთვისაც, რუნის მიერ დამყარებული რეკორდის დამხობა, მითუმეტეს, რომ უეინს ჯერ კარიერა არ დაუსრულებია. "44 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მგონი, და როცა უეინ რუნი კლუბს შეუერთდა, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ სერ ბობის რეკორდს დაამხობდა. ასე რომ, მისი მიღწევა არნახულია. საოცარია. 200-მე მეტი მატჩით ჩამორჩება სერ ბობის მიერ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობას, რაც მიღწევას კიდევ უფრო საოცარს ხდის.
არა მგონია, ვინმემ შეძლოს უეინის გადასწრება. ვერ ვიტყვი, ვერასდროს - არასოდეს თქვა არასოდეს - მაგრამ თანამედროვე ფეხბურთს თუ შეხედავთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" იმ იშვიათ კლუბთა რიცხვში შედის, რომლებიც ფეხბურთელთა შენარჩუნებას 10 წელზე მეტხანს ახერხებენ. ახლა გაცილებით რთულია ამის გაკეთება, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ჩემს დროს თუ გაიხსენებთ, თუნდაც სერ მეტ ბასბის დროს, ჩვენ გვყავდა ფეხბურთელები, რომლებიც 10 წელზე მეტხანს რჩებოდნენ. ბევი, ბევრი ფეხბურთელი აკეთებდა ამას და უეინი ერთ-ერთი მათგანია.
თუმცა, დღესდღეობით, ეს უფრო იშვიათად ხდება. ჟოზემ მარკუს რეშფორდი მოისაზრა რუნის რეკორდის დამხობის უნარის მქონედ, მაგრამ მან მომდევნო 10 წლის განმავლობაში სეზონში 20 გოლზე მეტი უნდა გაიტანოს, რაც თავისთავად რთულია. იმედი ვიქონიოთ, რომ ასეც იქნება და აქ 10 წელზე მეტხანს დარჩება, მაგრამ ახლა ეს უფრო იშვიათი შემთხვევაა", - განაცხადა შოტლანდიელმა.