მაიკლ კერიკი აცხადებს, რომ ლიგის თასის ნახევარფინალის განმაორებით მატჩში "ჰალ სიტისთან" 2-ბურთიანი უპირატესობის შენარჩუნებისთვის არ ჩავა.
"წითლები" კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან, რამეთუ "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაში ხუან მატასა და მარუან ფელაინის გოლებით 2-0 იმარჯვეს.
მაგრამ კერიკმა თანაგუნდელები გააფრთხილა, რომ "ჰალ სიტის" სტადიონზე რთული მატჩისთვის უნდა იყვნენ მზად და თავადაც კარგად ითამაშონ.
"ნამდვილად არაფერი დასრულებულა, ყველამ ვიცით. საკუთარ თავს ხშირად ვეუბნებით ამას. ვფიქრობ, სრული ძალისხმევით ჩავალთ და თამაშს ისე მივუდგებით, თითქოს 0-0-დან იწყება ყველაფერი.
ძალიან სახიფათოა უპირატესობის დაცვა და თქმა, რომ ამ შედეგს ან იმ შედეგს მიაღწევ, ამას იზამ ან იმას იზამ.
ამ მატჩსაც ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ნებისმიერ სხვას, ჩვენი ყურადღება და ინტენსიურობა შევინარჩუნოთ და თამაშის მოგებას ვეცადოთ".
ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში "იუნაიტედი" 2010 წლის შემდეგ პირველად მოხვდება ლიგის თასის ფინალში, სადაც 7 წლის წინ "ასტონ ვილა" 2-1 დაამარცხეს და ტიტულს მეოთხედ დაეუფლნენ. "უემბლიზე" ჩასვლა და ტიტულის მოგება როგორ არ უნდა მოგწონდეს? მითუმეტეს, როცა გრძნობ, რომ ასე ახლოს ხარ იქ მოხვედრასთან.
სწორედ ამისთვის თამაშობ და სწორედ ამის ხილვა სურთ გულშემატკივრებს; წასვლა და გამარჯვების აღნიშვნა უნდათ, თასების აწევა, სასიამოვნო დღე, სიამოვნების მიღება".