"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდის" გაუმჯობესების გეგმების შესახებ განაცხადა, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს უფრო მეტ კომფორტს მისცემს სტადიონზე, მაგრამ სეზონური აბონიმენტების მფლობელები აღარ იქნებიან.
დღეს გამოცემულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ რეკონსტრუქციის დეტალების შესახებ კონსულტაცია კლუბმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და თანასწორობის კომისიასთან, ასევე "მანჩესტერ იუნაიტედის" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გულშემატკივართა ასოციაციასთან გაიარა.
სამუშაოს შეუდგებიან არქიტექტორები, რომლებიც "ოლდ ტრაფორდის" რეკონსტრუქციის ათ სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდნენ. შედეგად, დამტკიცებული ვარიანტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გულშემატკივრებისთვის დამატებით 300-ზე მეტ ადგილს შექმნის, გაკეთდება ახალი პლატფორმები სავარძლებისთვის, გაიზრდება სექტორებს შორის გასავლელი ადგილი და ასევე დამონტაჟდება უფრო მოსახერხებელი სავარძლები გულშემატკივრებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად სიარულს ვერ ახერხებენ. ყველა სამუშაო 2017/18 წლების სეზონის დაწყებამდე დასრულდება.
თუმცა მოცემულ ცვლილებას შედეგად ისიც მოჰყვება, რომ 2600-ზე მეტი აბონიმენტის მფლობელი თავისი ადგილიდან სხვაგან გადაინაცვლებს. კლუბმა სამწლიანი პროგრამა შეიმუშავა და პირველად ალტერნატიულ ადგილებს 800 გულშემატკივარი მიიღებს, რომლებიც 2017/18 წლების სეზონში სხვაგან გადაინაცვლებენ.
ყველა იმ გულშემატკივრისათვის, რომლებიც იძულებულნი იქნებიან, მათი ჩვეულებრივი ადგილი შეიცვალონ, კლუბმა სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც მათი იძულებითი დისკომფორტის კომპენსირებას მოახდენს. პროგრამაში შესული იქნება ფასდაკლება ბილეთებზე და ასევე უფასო ბილეთები ყველა სათასო მატჩზე, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება. "ვიცით, რომ სეზონური აბონიმენტების ბევრი მფლობელი აქ ათწლეულზე მეტია დადის და სხვაგან გადასვლა მათთვის მსხვერპლი იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივართა უმეტესობა გაიგებს და მხარს დაუჭერს ჩვენს ინიციატივას. სეზონური აბონიმენტის თითოეული მფლობელისთვის ახალი ადგილების გამოძებნას ვცდილობთ და თუ ისინი უფრო ძვირადღირებული ადგილების აღებას მოინდომებენ, კლუბი ფასის სხვაობის გადახდას არ მოსთხოვს, ამის ნაცვლად, მთელი სეზონის განმავლობაში იმავე ფასად დაესწრებიან შეხვედრებს.
გვესმის, რამდენად შეწუხდებიან ჩვენი გულშემატკივრები, რადგან ტრიბუნებზე გატარებული მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოებები ჩამოყალიბდა და აბონიმენტების ყველა მფლობელს ჯგუფებად გადასვლის საშუალებას მივცემთ", - განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" კომპანიის ჯგუფის ხელმძღვანელმა რიჩარდ არნოლდმა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გულშემატკივართა ასოციაციის თავმჯდომარემ, ჩას ბენკსმა, კლუბს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურის გამო:
"ვამაყობ კლუბით, რომელსაც ჯერ კიდევ 1957 წლიდან ვუჭერ მხარს. ჩემი და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გულშემატკივართა ოცნება ახდა. თითოეული ჩვენგანის სახელით გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამის გამო სხვა ადგილზე გადასვლა უხდება. თქვენი თანადგომის გარეშე ჩვენი ოცნება არასდროს ახდებოდა და მადლობას გიხდით დახმარებისა და მოთმინებისთვის".