"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი დევიდ მოიესი ადნან იანუზაის მოუწოდებს, რომ "სანდერლენდში" იჯარის წესით ასპარეზობისას უფრო მეტი სიძლიერე გამოავლინოს, თუკი წარმატების მიღწევა სურს.
21 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთში დარჩება, სადაც მოიესის ხელმძღვანელობით "შავი კატების" რიგებში ასპარეზობს.
ბელგიელი "სტედიუმ ოფ ლაითზე" მას შემდეგ გადავიდა, რაც ჟოზე მოურინიოსთვის ცხადი გახდა, რომ მის გუნდში რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას ვერ მისცემდა. გულშემატკივარს ნამდვილად სურს წარმატებული იანუზაის დაბრუნება "ოლდ ტრაფორდზე", მაგრამ ადნანი ჯერჯერობით პროგრესს ვერ აჩვენებს.
დევიდ მოიესმა ახალგაზრდა ფეხბურთელს განვითარებისკენ მოუწოდა: "ვეტყვი - და ვუთხარი კიდეც - რომ მისგან უფრო მეტს ველით. უფრო მეტი სიძლიერე უნდა გამოვლიანოს.
დიდებული უნარები აქვს, მაგრამ ამჟამად ძალიან უჭირს. ყოველთვის ისეთი მატჩი არ გვექნება, რომელიც მასზეა ზედგამოჭრილი.
ადნანს ნამდვილად დიდებული ფეხბურთელის დონემდე მისვლა შეუძლია, მაგრამ მასზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რამდენად კარგი მოთამაშეა. აქ რთულ მოთხოვნილებებს უყენებენ, მაგრამ კარგ ცოდნას მიიღებს და ჩამოყალიბდება".