ჟოზე მოურინიომ იხუმრა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მსოფლიო რეკორდი დაამყარა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში მეტოქის კარში დანიშნული ერთადერთი პენალტით.
პოლ პოგბას მიერ "ლივერპულთან" მატჩის პირველ ტაიმში საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო დანიშნულმა 11-მეტრიანმა "ოლდ ტრაფორდზე" დაფიქსირებულ ფრეს შეუწყო ხელი, რამეთუ ჯეიმს მილნერმა ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა.
მოურინიო აღიარებს, რომ ამ პენალტთან დაკავშირებით არავითარი ეჭვის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ თავის გუნდს მსაჯები ამ მხრივ არ სწყალობენ.
"პენალტებთან დაკავშირებით ის პრობლემა გვაქვს, რომ მხოლოდ კრიტერიუმია - ხანდახან ნიშნავენ, ხანდახან არა - და საოცარია, რომ პრემიერ ლიგის 21 მატჩში, პლუს სამი შეხვედრა ლიგის თასზე და ერთი ინგლისის თასზე, ეს 25 გამოდის, 25 მატჩში მხოლოდ ერთხელ მოგვცეს პენალტის დარტყმის უფლება - გინესის რეკორდია - მაგრამ "ლივერპულთან" ჩვენს საჯარიმოში დაინიშნა.
პენალტი იყო და მსაჯის გამო ბედნიერი ვარ, რადგან მიმდინარე სეზონში მან ჩვენი სამი მატჩი განსაჯა და სამი პენალტი დანიშნა ჩვენს საწინააღმდეგოდ. ამიტომაც მიხარია მაიკლის გამო, რომ ამჯერად მაინც იყო პენალტი." - განაცხადა პორტუგალიელმა.