ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ ერიკ ბაიი მეორე ფეხბურთელია, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" ვიქტორ ლინდელეფთან ერთად თამაშის სურვილს გამოთქვამს.
"იუნაიტედი" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გაღებამდე სამი კვირით ადრე ინტერესდებოდა შვედი ცენტრალური მცველით, მაგრამ მარკოს როხოსა და ფილ ჯონსის დამაჯერებელმა თამაშმა კლუბის ინტერესი შეასუსტა, რასაც ლინდელეფის ამჟამინდელ და ყოფილ კლუბთა ფინანსური შეუთანხმებლობა ერთვებოდა.
22 წლის ლინდელეფი წინა ორი სათასო მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, მაგრამ "ვიტორია გიმარაეშის" წინააღმდეგ "ბენფიკას" მაისური კვლავ მოირგო.
ბაიი, რომელიც ჟოზე მოურინიოს პირველი და ერთადერთი შენაძენი მცველია, ლინდელებთან ერთად თამაშის სურვილს გამოთქვამს.
"იმედი მაქვს, მასთან ერთად ვითამაშებ და იმედი მაქვს, დაგვეხმარება. ძალიან კარგი ფეხბურთელია. დიდებული უნარები აქვს და თუ ჩვენთან გადმოვა, ნამდვილად კარგად ითამაშებს.
ბევრი კარგი ცენტრალური მცველი გვყავს - კრის სმოლინგი, მარკოს როხო და ფილ ჯონსი - მაგრამ იმედი მაქვს, ლინდელეფთან ერთადაც ვითამაშებ.
სასტარტო შემადგენლობაში არ მაქვს ადგილი გარანტირებული და ვიცი, რომ კარგი უნდა ვიყო, რათა მათამაშონ. ყველანი ვიბრძვით თამაშისთვის. ვფიქრობ, კარგადაც ვთამაშობთ. ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ.
თუკი თამაშის საშუალება მოგვეცემა, ამ შესაძლებლობისგან უპირატესობა უნდა მივიღოთ. ვფიქრობ, ერთმანეთს მოვერგებოდით", - განაცხადა კოტ დ'ივუარელმა.