ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ მემფის დეპაისა და მორგან შნეიდერლინის სხვა კლუბში გადასვლის შანსი ნულის ტოლია, სანამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთხოვნებს შეძენის მსურველი კლუბები არ დააკმაყოფილებენ.
ნახევარმცველი შნეიდერლინი "ევერტონში" სამედიცინო შემოწმებას გადის, მისი შეძენით კი "ვესტ ბრომიც" ინტერესდება.
ვინგერ დეპაის კი ასევე "ევერტონს", "ნიცასა" და "რომას" უკავშირებდნენ. თუმცა მოურინიო არცერთ მათგანს არ მისცემს კლუბის დატოვების საშუალებას, სანამ ფინანსურად მომგებიან წინადადებას არ მიიღებს.
"იგივე სიტუაციაა, ორივე მათგანის შემთხვევაში. მათ წასვლის უფლებას მივცემ, თუკი სწორ შეთავაზებას მივიღებთ. დღემდე არ მიგვიღია.
არის თუ არა კარგი ვითარება? არა. რატომ არა? იმიტომ, რომ ამჟამად ისინი ჩემთვის არჩევანს არ წარმოადგენენ.
ჩვეულებრივ პირობებში მათ მატჩის განაცხადში შევიყვანდით, მაგრამ არ შეგვყავს, რადგან ვიცდით.
რამდენიმე კვირის წინ 100 პროცენტიან სიტუაციას ჰგავდა, ახლა კი ნული პროცენტია, რადგან არ გვაქვს ისეთი შეთავაზება, რომელიც ფეხბურთელთა დონეს შეესაბამება".
როცა ჰკითხეს, საბოლოოდ გაყიდვა სურდა თუ იჯარით გასხვისება, უპასუხა: "გაყიდვა".