ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი "რედინგთან" მატჩის განაცხადში მოხვდება და იანვარში მას უფრო მეტი სათამაშო დრო შეიძლება მისცეს.
მიმდინარე სეზონში შვაინშტაიგერის თამაში პირველი გუნდის რიგებში "ვესტ ჰემთან" ლიგის თასის ეგიდით ჩატარებული ხუთი წუთით შემოიფარგლება.
მოურინიომ კვლავ მიანიშნა, რომ გერმანელის გაყიდვა შესაძლებელია, თუკი გუნდი სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას შესაფერის შეთავაზებას მიიღებს, მანამდე კი მსოფლიო ჩემპიონი ჯანმრთელია და გუნდის დახმარებას შეძლებს.
როცა პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, შვაინშტაიგერი "რედინგთან" მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებდა თუ არა, მოურინიომ უპასუხა: "განაცხადშია, ასე რომ, შეიძლება დაიწყოს, შეიძლება სათადარიგოთა სკამზე მოხვდეს, მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი არჩევანია. ვფიქრობ, მისი მდგომარეობის საუკეთესო აღწერაა.
მრავალი თვის განმავლობაში ვარიანტს არ წარმოადგენდა; ასე გადავწყვიტეთ. პირველ რამდენიმე კვირაში რომ დავაბრუნეთ, არჩევანი არ იყო; სათამაშოდ მზად არ იყო.
მას შემდეგ კარგად იშრომა და ტრავმა არასდროს მიუღია - წინა კვირას ავად იყო, მაგრამ ტრავმა არასდროს ჰქონია. მისი სხეული კარგ მდგომარეობაშია, ძალიან კარგად ვარჯიშობს და მზად არის.
კვლავ მიმაჩნია, რომ ჩემი მიდგომა სწორია ადამიანური კუთხით, რამეთუ მოთამაშეს, რომელიც არ თამაშობს, წასვლას ვერ დაუშლი - თუკი შეთავაზება შესაფერისია. ბასტიანმა რამდენიმე წუთი ითამაშა და "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ და არა მეტი, მაგრამ დარჩენა სურს, რჩება და ჩვენი ერთ-ერთი ვარიანტია.
და რადგანაც ვარიანტია, ხვალინდელი მატჩისთვის განაცხადში შეგვყავს, "კრისტალ პალასსა" და "მიდლსბროსთან" მატჩის განაცხადშიც შევიყვანეთ. ერთ-ერთი ვარიანტია, შანსს ელოდება და იანვარი კარგი თვეა ამისთვის, რადგან ბევრი მატჩი გვაქვს ჩასატარები".