ჰენრიხ მხითარიანმა და დეილი ბლინდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში" მიღწეული წარმატებისთვის შეაქეს.
ჩამოთვლილთაგან სამივე ფეხბურთელმა მოახერხა "სანდერლენდის" კარში გოლის გატანა და "წითლებს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოაპოვებინა პრემიერ ლიგაში.
შვედმა კი ბოლო 10 შეხვედრაში 11-ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო სეზონის განმავლობაში მას ყველა ტურნირზე 17 გოლი აქვს გატანილი - გასულ სეზონში ენტონი მარსიალი ამავე რაოდენობის გოლებით გახდა "იუნაიტედი" საუკეთესო ბომბარდირი.
ბლინდი: "მომწონს ზლატანის თამაში. გუნდისთვის დიდებულია და იმედი მაქვს, ფორმას შეინარჩუნებს".
მხითარიანი 35 წლის ფეხბურთელისადმი ჰოლანდიელი მცველის აზრს იზიარებს. "მისი თამაში სულაც არ ამტკიცებს მის ასაკს. საოცარ რამეებს აკეთებს და ბედნიერი ვარ, რადგან ეს დაიმსახურა.
დიდი მოთამაშეა და მას ყველა იცნობს. აუცილებელი არაა ამის თქმა, რადგან ისედაც ყველამ იცის, რომ ფანტასტიკური მოთამაშეა. იმედი მაქვს, მომდევნო მატჩშიც მაქსიმუმს გააკეთებს".
"იუნაიტედის" ოფიციალურ თვითერზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ზლატანმა პოლ პოგბასა და ანტონიო ვალენსიას აჯობა და ხმების 59%-ით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.