თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2016, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2163,
კომენტარები: 9
გაფიცვა
თავი XVI
გაფიცვა
ეს არის ისტორია, რომლის შემდეგაც ზედმეტსახელი "წითელი ნევი" შემარქვეს. ეპიზოდი, რომელსაც, ალბათ, ისევე ხშირად იხსენებენ, როგორც ჩემს მიღწევებს. ყოველთვის ამბოხების ლიდერს ვგავდი და ყოველთვის ერთადერთი ვიქნები, ვინც საკუთარ თავზე აიღებს "რიოს საქმეზე" გაფიცვას.

"ქვეყნის ყველაზე საზიზღარი ფეხბურთელი" - ასე შემაფასა The Sun-მა და გაფიცვა ქვეყნის ყველა გაზეთის მთავარ გვერდზე მოხვდა. 10 საათიან ახალ ამბებშიც კი მოხვდა და მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ ბრალს დაგვდებდნენ სამომავლოდ, მართლა რომ გვეთქვა უარი ნაკრებში გამოსვლაზე.

მართლა მინდოდა თუ არა წასვლა? მართლა მინდოდა თუ არა ჩემი ქვეყნის წარდგენაზე უარის თქმა იმის გამო, რომ ვიღაცამ დოპინგ-ტესტი გამოტოვა? შემიძლია გითხრათ, რომ ამასთან იმაზე ახლოს ვიყავი, ვიდრე წარმოიდგენთ.

გეფიცებით, ჩემი ნივთების ჩასალაგებლად და იმ სასტუმროს დასატოვებლად ვიყავი მზად, სადაც ინგლისის ნაკრები იმყოფებოდა. ვიცი, რომ შესაბამისი შედეგები მოჰყვებოდა. 28 წლის ასაკში აღარასდროს მათამაშებდნენ ნაკრებში. მთელი ქვეყნის მასშტაბით გულშემატკივრები და პრესა მანადგურებდნენ. თანდათან ინგლისის ყველაზე აუტანელი ფეხბურთელი ვხდებოდი, თუკი უკვე არ გავხდი. მაგრამ მაშინ ძალიან ძლიერ გრძნობებს განვიცდიდი. და მხოლოდ ერთმა სატელეფონო ზარმა შემაჩერა.

თავიდანვე ვფიქრობდი, რომ სიმართლე ჩემს მხარეს იყო და ახლაც ასე მგონია. შეგვიძლია მთელი დღე ვიკამათოთ გაფიცვის სახიფათოობაზე და იყო თუ არა ეს აზრის გამოხატვის საშუალება. მაგრამ ჯერ კიდევ მგონია, რომ საფეხბურთო ასოციაცია არასწორად მიუდგა "რიოს საქმეს" და ვიღაცამ თავისი ინტერესები გამოიყენა.

"იუნაიტედისთვის" დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენდა რიოს მიერ გამოტოვებული დოპინგ-ტესტი. ვიცოდით, რომ ბრალდებული იყო და ფედერაციაში მოსმენა უნდა გაევლო. ვფიქრობდი, რომ თამაშს განაგრძობდა და უბრალოდ დააჯარიმებდნენ ან პირობითად დასჯიდნენ.მეგონა, რომ სამართალი თავისი ჭეშმარიტი თანმიმდევრობით წარიმართებოდა. რა ძლიერ ვცდებოდი.

ინგლისის ნაკრების შესარჩევი ციკლის ბოლო კვირა იყო და მამაჩემმა მე და ჩემი ძმა მანჩესტერის აეროპორტამდე მიგვიყვანა, საიდანაც ლონდონში გუნდთან შესახვედრად უნდა გავფრენილიყავით, როცა დამირეკეს და მაუწყეს, რომ რიო გამოტოვებული დოპინგ-ტესტის გამო არ წაიყვანეს. გავიფიქრე, რომ ხუმრობა იყო. როგორ შეეძლოთ მისი დატოვება, თუკი ჯერ მოსმენაც არ ყოფილა? მართალისა და მცდარის ამოცნობით მზრდიდნენ და თავიდანვე ვიგრძენი, რომ აქ რაღაც ისე ვერ იყო.

სანამ აეროპორტში მივიდოდით, ბოსს დავურეკე: "რამე უნდა ვქნათ. რიო ნაკრებიდან მოკვეთეს, არადა, არავითარი ბრალდება არ წაუყენებიათ".

ბოსმა მითხრა, რომ საკითხი წინა ღამით განიხილეს, კლუბი ფედერაციას რიოს წაყვანაში არწმუნებდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

გორდონ ტეილორს დავურეკე, ფეხბურთელთა ასოციაციის ხელძღვანელს და ჩემი აზრი გამოვთვი. არ მინდოდა გულ-ხელი დამეკრიფა და ფედერაციისთვის უფლება მიმეცა, ყველაფერი რიოს დაბრალებოდა.

დაუჯერებელი საქმე იყო რიოს მოხსნა საქმიდან. შეცდა, რომ დოპინგ-ტესტი გამოტოვა. ყოველ შემთხვევაში, სულელური და დაუფიქრებელი საქციელი იყო. და ამის გამო სასჯელი უნდა მიეღო. მაგრამ მიმაჩნია, რომ ფედერაცია მოსმენას უნდა დალოდებოდა, სანამ მას დასჯიდა. ჩემთვის ცხადი იყო, რომ განაჩენი მანამ გამოუტანეს, სანამ დამამტკიცებელ საბუთს წარუდგენდნენ. რიომ დაიმსახურა მისთვის მოესმინათ.

არა მგონია, მარკ პალიოსი, საფეხბურთო ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი ძალიან დაინტერესებული ყოფილიყო ამ არგუმენტების მოსმენით. ცოტა ხანი იყო ამ პოსტზე და უკვე შეედგინა პროგრამა, რომელიც თამაშს უფრო სუფთას გახდიდა. შესანიშნავი შანსი მიეცა ეჩვენებინა, რომ ძლიერი ადამიანია და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მანჩესტერის აეროპორტში სქოულზი და ბატიც იმავეს ფიქრობდნენ რიოს საქმეზე. უსამართლობად მიაჩნდათ. როგორც "იუნაიტედის" ფეხბურთელები, ყოველთვის მხარში ვედექით ერთმანეთს და მოქმედება გადავწყვიტეთ.

მაგრამ ეს საქმე მხოლოდ ჩვენ როდი გვეხებოდა. იმ დროს რიო ჯერ კიდევ არ იყო ჩემი კარგი მეგობარი. ნაკრები ბევრი მოთამაშე იყო - დევიდ ჯეიმსი, კირონ დაიერი, ფრენკ ლამპარდი, რომლებიც მას უკეთ იცნობდნენ. და ვფიქრობ, ასევე მოვიქცეოდი, ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი რომ ყოფილიყო გასაჭირში, იქნებოდა ეს "არსენალის" მოთამაშე, "ჩელსის" თუ "ლივერპულისა".

სოპველ ჰაუსში (სასტუმრო, სადაც ინგლისის ნაკრები ბანაკდება) წავედით, სადაც ჩვენ, "იუნაიტედელი" ოთხი ბიჭი პალიოსს შევხვდით. პირველი შემთხვევა იყო, რომ მას ველაპარაკებოდი.

ვუთხარი: "ფეხბურთელი იყავით. გასახდელში ნამყოფი ხართ და იცით ეს რასაც ნიშნავს. იცით, რომ ზოგიერთი ადამიანი ხანდახან სისულელეებს აკეთებს და საზღვარს გადადის. და რას აპირებთ? ჩამოახრჩობთ თუ აწამებთ? თუ ფიქრობთ: "არა, დისციპლინარულ პროცესზე უფლება არ აქვთ"?

"რასაც ვაკეთებ სწორია და მორჩა" - სულ ეს იყო, რაც მითხრა. მაგრამ მისი სიტყვები კანონი არ არის, ეს მხოლოდ მოსაზრებაა. ფედერაციის გარდა არავის მიაჩნდა რიოს დისკვალიფიკაცია აუცილებლად. არც სვენს, არც უეფა-ს, არც ჩვენს მეტოქე თურქებს. ყველანი ამბობდნენ, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდნენ, თუკი ითამაშებდა. ცალსახად ფედერაციის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. როგორც ვხვდები - ერთი ადამიანის გადაწყვეტილება იყო. პალიოსს კი ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო, რათა მკაცრი გამოჩენილიყო.

"თქვენი თავი მოსამართლედ და ნაბიჭვარ ჟიურიდ მოგაქვთ, - ვუთხარი პალიოსს. - მოდიხართ აქ და სახელს იხვეჭთ, თითქოს ქალაქის ახალი შერიფი იყოთ."

ამან გააბრაზა. მაშინაც მეგონა და ახლაც ასე ვფიქრობ - ისეთი დიდი სამსახურისთვის, როგორიც საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელობაა, ხასიათი არ გააჩნდა.

ჩნდებოდა შეგრძნება, რომ ადამ კრუზის, მისი წინამორბედის ყოფნისას უფრო მეტად უდარდელი იყო, მითუმეტეს, როცა ფული ჰქონდა. პალიოსმა კი სარტყელი გაწელა. შესაძლოა, საუკეთესო ფინანსისტი იყო, მაგრამ ეს ის არის, რაც უნდა ეკეთებინა - კალკულატორზე ციფრების აკრეფა. საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელობა კი ხალხის მართვას, კრიზისთან გამკლავებას, ბრიტანეთის უდიდესი საფეხბურთო ორგანიზაციის მთავარ პიროვნებად ყოფნას ნიშნავს. ჩემი აზრით, სიტუაციისთვის მზად არ იყო.

"სხვა ფეხბურთელებს კიდევ დაველაპარაკებით, მაგრამ გვინდა, რომ რიო აღადგინონ. ეს, დალახვროს ეშმაკმა, უსამართლობაა", - ვუთხარი და ჩვენს კაპიტანთან, ბექსთან შესახვედრად წავედი.

ბექსმა სასტუმროში გუნდის შეხვედრა მოაწყო. სვენიც იქ იყო და პირველად მან დაიწყო ლაპარაკი. კეთილგანწყობილი იყო და გვითხრა, რომ მხარს გვიჭერდა ჩვენს საქმეში, მაგრამ საფეხბურთო ფედერაციასთან საჯარო კამათში არ შევიდოდა. მესმის მისი უკან დახევა, მაგრამ ალექს ფერგიუსონი რომ ყოფილი ჩვენთან, რიო ითამაშებდა. სვენი ყოველთვის დიპლომატი იყო და კონფრონტაციებს გაურბოდა.

შემდეგში ფეხბურთელებზე მიდგა ჯერი. შეხვედრაზე მე ყველაზე მეტი ვილაპარაკე: "მომდევნო კვირას ხომ თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ მის ადგილას. და ამის მიზეზი არა მარტო გამოტოვებული დოპინგ-ტესტი, არამედ ნებისმიერი რამ შეიძლება აღმოჩნდეს. თუკი მიგვაჩნია, რომ რიოს არასწორად მოექცნენ, მე კი ასე მგონია, მაშინ უნდა დავიცვათ".

ახლა უკვე მტკიცედ გადავწყვიტეთ. პალიოსს კიდევ ერთხელ უნდა შევხვედროდით, ამჯერად კი ფეხბურთელთა კომიტეტიც მიიღებდა მონაწილეობას - ჯამო (დევიდ ჯეიმსი), ოუენი, სოლ კემპბელი, ბექსი და "იუნაიტედის" ყველა ფეხბურთელი.

პალიოსი თავისას განაგრძობდა და ამტკიცებდა, რომ "თავს უფლებას არ მივცემთ არეულობა მოხდეს" ან "არასდროს დავარღვევთ რიოს კონფიდენციალურობას". რაზეც ვუპასუხე: "ამაზე უკვე ვეღარ მოახდენთ გავლენას. მართლა გეგონათ, რომ კონფიდენციალურობას არ არღვევდით, როცა გუნდიდან მოკვეთეთ? ასეთივე წარმატებით შეგეძლოთ 10 საათიან ახალ ამბებში გამოგეცხადებინათ".

პალიოსმა მიგვახვედრა, რომ მოლაპარაკებებით ვერაფერს მივაღწევდით და ამიტომაც გადავწყვიტეთ საიდუმლო არჩევნების მოწყობა ორშაბათს გაფიცვის შესახებ. იყო თუ არა ჭკვიანური გადაწყვეტილება? არა მგონია, ნებისმიერმა ჩვენგანმა თქვას: "დიახ, ეს ბრწყინვალე იყო". მაგრამ ვიზამდი კი იგივეს? ვფიქრობ, დიახ, და რა თქმა უნდა, მაშინ მეგონა, რომ სხვა გამოსავალი არც იყო. ფედერაციისთვის ჩვენი გადაწყვეტილების სერიოზულობა უნდა დაგვემტკიცებინა. და უნდა გაგვეგო, ბიჭებიც ისე ძლიერ თუ განიცდიდნენ ამას, როგორც "იუნაიტედის" ფეხბურთელები.

ოთახში შევიკრიბეთ და A4 ფორმატის ქაღალდი ნაჭრებად დავჭერით, რომელზეც ყველას ხმა უნდა მიეცა. "დიახ" - გაფიცვაზე, "არა" - რიოს მარტო ვტოვებთ მის სასჯელთა ერთად, რის შემდეგაც ყველა ფურცელი ყუთში მოვათავსეთ და არავინ იცოდა, ვინ რას მისცა ხმა.

გუნდში 23 ფეხბურთელი იყო და არავის აურჩევია "არა". ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო. ბექსი და მე ბიჭების პირისპირ დავდექით და ვუთხარით: "ესე იგი, თითოეულმა ჩვენგანმა ხმა იმას მისცა, რომ არ ითამაშებს, თუკი რიოს არ აღადგენენ, არა?" არცერთს არც კი ჩაუხველებია.

ოთხშაბათს დილით ჩვენი არჩევნების შესახებ ამბავი გაზეთში გავრცელდა - დასაბამი დაედო. მთავარ გვერდებზე შეგვარცხვინეს და შევამჩნიე, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ეჭვმა შეიპყრო. ახლა უკვე გასაგები იყო ჩვენი გაფიცვის შედეგები. ფედერაცია ამბობდა, რომ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე არ წავიდოდით და ამან ზოგიერთი დააეჭვა. მედია ნამდვილად არ აპირებდა მილიონერთა ჯგუფის მხარდაჭერას, რომელთაც გაფიცვა გამოაცხადეს. ვგრძნობდი, რომ ფეხბურთელები სულით დაეცნენ.

მათ საკუთარი მიზეზები ჰქონდათ, მაგრამ არ მინდოდა ამ სირცხვილის მიზეზი ვყოფილიყავი. ფსონად ჩემი რეპუტაცია დავდე. სიტუაცია დაძრული მატარებლივით შეუქცევადი გახდა. დარწმუნებული არ ვიყავი რით დასრულდებოდა ეს ამბავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ უკან დახევა გვიანი იყო. თანაც ალტერნატივას ვერ ვხედავდი. სანამ ფედერაცია უკან არ დაიხევდა, ნაკრების რიგების დასატოვებლად მზად ვიყავი, მაშინაც კი, ამას დისციპლინარული სასჯელი რომ მოჰყოლოდა.

მთელი ამ მოვლენების შემდეგ საშინლად გამოვიფიტე. ამ ზეწოლისგან თავი მისკდებოდა. მაგრამ რაც მეტს ვფიქრობდი ამაზე, მით მეტად ვხედავდი ერთ გამოსავალს - წასვლას. ნაკრებიდან წასვლაზე ფიქრი თავში მიტრიალებდა. მამას ველაპარაკე და გავაფრთხილე: "ვფიქრობ, უნდა წამოვიდე. უბრალოდ უსამართლობაა". გამიგო რაც ვიგულისხმე და იცოდა, რამდენად ჯიუტი ვიყავი. სასტუმროში იგივე ვუთხარი სქოულზის, ბატის და ფილს. წასასვლელად ვემზადებოდი.

და წამოვიდოდი კიდეც, რომ არა დარეკვა იმ ადამიანისა, რომელმაც ოჯახს გარეთ ჩემს ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გალვენა მოახდინა. ბოსის გარეშე საგნები სხვა აღწერილობას იძენდნენ.

იმ დროს დამირეკა, როცა გადაწყვეტილების მისაღებად ვემზადებოდი. სხვა ფეხბურთელებთან ერთად ვიყავი, როცა დამირეკა და მითხრა: "შენს ოთახში ამოდი, უნდა ვილაპარაკოთ".

და როგორც კი ჩემს ოთხაში შევედი, საქმეზე გადავიდა.

- მისმინე, კარგად ვარჯიშობ, კარგად თამაშობ, ასე ვერ მიატოვებ ყველაფერს. შენი აზრი გამოთქვი, იმდენად შორს შეტოპე, რამდენიც შეგეძლო, მაგრამ ახლა უნდა დაბრუნდე და ითამაშო.

- ბოს, მაგრამ ეს, ეშმაკმა დალახვროს, უსამართლობაა.

- მე ვიცი, შენ იცი, მაგრამ ასე ვერ ადგები და კარიერას ვერ დამარხავ.

- მაგრამ ძალიან შორს შევტოპე. უკან ვერ დავიხევ.

- უბრალოდ უნდა დამშვიდდე და იფიქრო იმაზე, რომ ნაკრებში შენი კარიერა ერთ დღეს დასრულდება. როგორ ეფექტს მოახდენს ეს შენზე, როგორც მოთამაშეზე, როგორც პიროვნებაზე? ავნებს თუ არა ეს "იუნაიტედს? ამის გაკეთების უფლებას ვერ მოგცემ.

როცა ბოსმა კლუბისა და ნაკრების მთელი ეს შედეგები შემახსენა, მივხვდი, რომ გაფიცვას ბოლო მოეღო. უნდა დავბრუნებულიყავი. თუ ჩემს კლუბს დამატებით ზეწოლას მოვუტან, სერიოზულ გართულებებს შევძენ და ამასთან დაკავშირებულ რამეებს, ასე უბრალოდ ვერ ავდგები და ვერ წავალ.

მაშინ წერდნენ, რომ რიო მის ირგვლივ მყოფ ფეხბურთელებს ესაუბრა, მაგრამ როგორც მე მახსოვს, მხოლოდ ხანმოკლე დიალოგი გვქონდა მთელი იმ ხნის განმავლობაში. ეს მაშინ მოხდა, როცა კარიდან გამოვდიოდით, იმ დროს, როცა ბოსმა შემაჩერა და ჩემს ფორმაზე მესაუბრებოდა.

ჩემს უმეტეს ნაწილს სურდა ენახა, რით დასრულდებოდა ყოველივე, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მწვრთნელმა ჩემ შესახებ ყველაფერი სწორად თქვა. რთულია პროფესიონალ ფეხბურთელად ყოფნა და მუდმვიად მწვერვალზე ყოფნა. იცოდა, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას სულ სხვა ტკივილის სამყაროში მოვხვდებოდი. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ამ ერთადერთ გადაწყვეტილებასთან მოხდება ჩემი ასოცირება. მას არ უნდოდა, რომ მის რომელიმე ფეხბურთელს კამათის გამო თავი ჩამოეხრჩო.

რამდენიმე საათი მარტო ვიჯექი და მწვრთნელის სიტყვებზე ვფიქრობდი. გულის სიღრმეში მის სიმართლეს ვაღიარებდი, ამიტომ რჩევას დავუჯერე. ახლა თუ წავიდოდი, ნიშნავდა, რომ ისიც უგულებელვყავი, ამიტომ ყველაფრის დაკარგვის რისკი გაჩნდა.

ბექსის სანახავად წავედი, რათა მეთქვა, რომ ძალიან შორს შევტოპეთ. ფედერაციას რიოსი არ სჯეროდა, ეს ცხადი იყო. სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ სულ რამდენიმე დღე რჩებოდა - ევროზე მოხვედრა ჯერ კიდევ არ გვქონდა გარანტირებული - სხვა ბიჭებთანაც მივედი, ვისაც უკან დახევა სურდა.

განცხადება დავწერეთ, თუმცა ამასაც დიდხანს განვიხილავდით. მე ჩემი ვერსია დავწერე და მაიკლ ოუენსა და მოთამაშეთა კომიტეტს გადავეცი. მაიკლმა და ბექსმა თავიანთ აგენტს უჩვენეს, რომელმაც შინაარსის შერბილება სცადა, მე კი, როგორც მინიმუმ, ფედერაციასა და პალიოსზე რაღაც უნდა მეთქვა.

განცხადება საბოლოოდ ოთხშაბათ საღამოს გამოქვეყნდა. აი, მისი ნაწილი: "მიგვაჩნია, რომ ორგანიზაციამ, რომელსაც წარმოვადგენთ, უღალატა არა მარტო გუნდის ერთ-ერთ წევრს, არამედ მთელ შემადგენლობას, მათ შორის მწვრთნელსაც. ვთვლით, რომ ძალიან ცუდად მოგვექცნენ. ჩვენი ერთ-ერთი ამხანაგი დაისაჯა, მისთვის კი კანონიერი უფლებები არ მიუნიჭებიათ და თამაშის მმართველი ორგანიზაციებისგან არავითარი ბრალდება არ წაუყენებიათ.

რიო ფერდინანდს კონფიდენციალურობისა და დამოუკიდებელი კომისიის სამართლიანი მოსმენის უფლება ჰქონდა. გვჯერა, რომ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ადამიანებს რიო ფერდინანდისთვის საუფლებო პროცედურა არ ჩაუტარებიათ, რაც კანონდარღვევაა და მხოლოდ ასუსტებს მოთამაშეებისა და მწვრთნელის მოლოდინს."

იყო ერთი ნაწილი, რომელსაც არ ვეთანხმებოდი - ეს იყო წინადადება იმის შესახებ, რომ გაფიცვა ბლეფი იყო. "ჩვენ წინაშე არასდროს მდგარა საკითხი: ვითამაშოთ თუ არა". ეს სიმართლე შეესაბამებოდა გუნდის ნაწილისთვის, შესაძლოა, დიდი ნაწილისთვისაც, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სულაც არ იყო მართებული.

ახლა სამუშაოს უნდა დავბრუნებოდით და თურქეთთან ფრე გვეთაშა, რათა ევროპის ჩემპიონატზე მოვხვედრილიყავით. მთელი ქვეყანა მხარს გვიჭერდა, მაგრამ წარსულში არსებული პრობლემების გამო გულშემატკივრებს გასვლაზე გამოყოლა ეკრძალებოდათ, არადა, მეტოქე სულაც არ იყო ხელწამოსაკრავი.

ვითარება დაამძიმა იმანაც, რომ ხუთშაბათს დილით ვივარჯიშეთ და საკმაოდ ქაოტურად გამოვიყურებოდით. "არ მჯერა, რომ გავიმარჯვებთ, - თქვა ბექსმა. - ყველას წაერთვა ძალები". მე კი მის შიშს ვიზიარებდი. ბიჭები საშინლად დაიღალნენ, ჩვენ ხომ ბოლო ორი საღამოს განმავლობაში ვიკრიბებოდით. და როცა არ ვსაუბრობდით, ჩვენი მოქმედებების შედეგებზე ვფიქრობდი.

მაგრამ ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლა სწორედ რომ გვჭირდებოდა. ამ გარემოცვიდან გამოსვლამ მთლიანად მატჩზე გადაგვატანინა ყურადღება. პარასკევის ვარჯიშზე თავს უკეთ ვგრძნობდით, შაბათს კი ნამდვილი ომი გავაჩაღეთ. ჯერ კიდევ ვერ გამიგია, ასე რატომ მოხდა. ბექსმა პენალტი ვერ გაიტანა და შესვენებაზე გვირაბში ვიჩხუბეთ, მაგრამ უგოლო ფრეს მივაღწეით, რაც დამაკმაყოფილებელი შედეგი იყო.

მატჩის შემდეგ გასახდელში პალიოსი შემოვიდა და მოთამაშეებს მოგვილოცა. მაგრამ დისკომფორტს გრძნობდა, თვალებში არ მიყურებდა.

არ ვიცი, სჯეროდა თუ არა, რომ შემადგენლობის მიღმა რიოს დატოვებით "გაიმარჯვა" და ფეხბურთელებს უკან დახევა აიძულა, მაგრამ ეს ყველაფერი მასვე დაუბრუნდა, როცა ალან სმიტისა და ჯეიმს ბიტის სიტუაციაში წარუმატებლობა განიცადა, რამაც ცხადყო, რომ სათანადოდ ვახდენდით მასზე ზეწოლას და დავამტკიცეთ ფედერაციის როგორი ლიდერიც იყო.

თურქეთთან შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" დანიას ამხანაგური მატჩი ვეთამაშეთ. შემადგენლობის გამოცხადებისას ფედერაციამ განცხადება გააკეთა, რომ ალან სმიტი არ იქნებოდა, რადგანაც დაპატიმრებული იყო. "დაპატიმრებული" - რა საშინელი სიტყვაა; მისი გაგონებისას ფიქრობთ: "ალბათ, რაღაც სერიოზული მოხდა". მაგრამ არც არაფერი მომხდარა. მოედანზე წყლის ბოთლი დააგდეს. პოლიციამ რიგითი პროცედურის გამო დაკითხვისათვის აიყვანა. არავითარი ბრალდება არ წაუყენებიათ. სულ ეს არის.

პალიოსი საბოლოოდ დაეცა. გადაწყვიტა, რომ ალანი აღარ იმსახურებდა ინგლისის ნაკრების მაისურის ტარებას, ამიტომაც მოკვეთეს. მაგრამ მის ადგილას ფედერაციამ ბიტი გამოიძახა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის ტარების გამო იყო დაკავებული - პალიოსმა რაღაც-რაღაცები არ იცოდა, სანამ ძალიან გვიანი არ იყო.

ვუთხარი, ბოლოს თავად დაისჯიდა თავს, როცა რიოს საქმეში ჩაერეოდა. მას სურდა თეთრზე თეთრი ყოფილიყო, რაც სულელური და უდროო იყო. პირადი საქმის გამო პირველ გვერდებზე მოხვედრის შემდეგ კი წავიდა (2004 წლის აგვისტოში პალიოსი გადადგა, როცა მდივანთან მისი სასიყვარულო კავშირი გაასაჯაროვეს).

ნორმალურ ვითარებაში არასდროს ჩავთვლიდი, რომ ვინმეს სამსახური უნდა დაეტოვებინა პირადი მიზეზის გამო. მაგრამ პალიოსმა თავად შეარყია თავისი პოზიციები. ადამიანი, რომელიც ფეხბურთის გასასუფთავებლად მოვიდა, სხვა ვარიანტს არ იტოვებდა წასვლის გარდა. ფეხბურთში აღარასდროს უმუშავია.

რიომ 50 ათასი ფუნტი გადაიხადა და 8-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რის გამოც ევრო-2004 გამოტოვა, ამან კი "იუნაიტედს" დიდი ზიანი მიაყენა. ვფიქრობ, ეს ძალიან მკაცრი სასჯელი იყო. ამაში არათანმიმდევრულობაც შეიმჩნეოდა: "მანჩესტერ სიტელმა" ბიჭმა - კრისტიან ნეგუამ, რომელმაც ასევე დოპინგ-ტესტი გამოტოვა, სულ რაღაც 2 ათასი გადაიხადა ჯარიმის სახით და არავითარი დისკვალიფიკაცია არ მიუღია. რიოს კი ძალიან დიდი თანხა გადაახდევინეს მხოლოდ იმის გამო, რომ ცნობილი ადამიანი იყო.

ვერ დაეხმარა იურიდიული კონსულტაცია, რომლის შემდეგაც მოსმენაზე სრულ საბრძოლო მზადყოფნაში წავიდა. ვიცოდი რა, ფედერაცია თავისის გატანას ეცდებოდა, რიოს ვუთხარი, რომ იქ დედასთან და მისივე ხელით დაწერილი მობოდიშების წერილით უნდა მისულიყო: "მაპატიეთ, არასწორად მოვიქეცი, შეცდომა დავუშვი, არ მესმოდა, რამდენად სერიოზული იყო, უბრალოდ დამავიწყდა". მაგრამ იქ ძვირადღირებული ადვოკატის თანხლებით მივიდა და ამის გამო დაისაჯა.

არასდროს დავეჭვებულვარ რიოს გულმავიწყობაში. ნარკოტიკებს ვერ ვიტან და თუ რიოს ან სხვა ვინმეს შედეგი დადებითი იქნება - უნდა გახსოვდეთ, რომ დოპინგ-ტესტი მან ადრე ჩააბარა და სუფთა იყო - მე ვიქნები პირველი, რომელიც მოთამაშის სამუდამო დისკვალიფიკაციას მოითხოვს. მჯერა, რომ ფეხბურთი სუფთა სპორტია და არავითარი მიზეზი არა მაქვს ჩემს ოპონენტებზე ეჭვის მიტანისა. მაგრამ ისიც მესმის, რისთვისაა ეს ტესტი საჭირო.

მადლობა რიოს, რომ ჩვენი დაულაგებელი სისტემა შეაფუცხუნა, ასე რომ, ამ საქმეში რაღაც მაინც მოხდა კარგი. ფეხბურთელები მაინც აღარ დატოვებენ სავარჯიშო მოედანს დავიწყების გამო. ისეთები გავხდით, როგორც ათლეტები, რომლებიც ტესტებს აბარებენ.

ახალი სისტემის სიმკაცრე რამდენიმე წლის შემდეგ ვიგრძენით, როცა "არსენალს" ვეთამაშებოდით და გამარჯვება ხელიდან გავუშვით ბოლო წუთზე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მოთამაშეებისა და მწვრთნელის სულელური მდგომარეობა, როცა გასახდელში შესვლის წინ აღმოაჩენენ, რომ სამი ადამიანი ტესტის ასაღებად მოვიდა და ნიმუშს ელის. ზოგიერთი ჩვენგანისგან "რამდენიმე სანუგეშო" სიტყვა მიიღეს. მათთან მიმართებაში უსამართლობა იყო, ისინი ხომ თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ ეს საკითხი "იუნაიტედში" ატმოსფეროს ძაბავდა.

არ ვნანობ "რიოს საქმეს", ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა საქმეს, რომლის გამოც ჩემი თავი დარტყმის ქვეშ დავაყენე. 2001 წელს, როცა ფროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია პრემიერ ლიგაში მილიარდების გავრცელების საქმეს განიხილავდა და ასევე გაჩნდა გაფიცვის საფრთხე, არც ამას ვნანობ, რადგან ეს სწორი საქციელი იყო.

პრემიერ ლიგა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის დაფინანსირების შემცირებას აპირებდა, როცა შემოსავალი წინანდელზე გაცილებით დიდი იყო. ხელმძღვანელ კომიტეტში შევდიოდი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ განზრახვის სერიოზულობა უნდა გვეჩვენებინა და გაფიცვა ერთ-ერთი გამოსავალი იყო. "იუნაიტედის" ფეხბურთელებს ავუხსენი: "შესაძლოა, მე არასდროს დამჭირვებია პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია, ისევე, როგორც თქვენ. საქველმოქმედო ფონდი ან საზოგადოების მხარდაჭერა არ გვჭირდება, მაგრამ ბევრი მომქედი და ყოფილი ფეხბურთელია, რომელთათვისაც აუცილებელია."

ეს რუნის და ნევილს არ სჭირდებოდათ, მაგრამ მოზარდებისთვის აუცილებელი იყო, რომელთა ოცნებაც ტრავმის გამო ინგრეოდა და 18 წლის ასაკში ფორმის აღდგენა უნდოდათ. ან თუნდაც იმ მოთამაშეებს, რომლებიც გასულ წლებში მთლიანად ფეხბურთს უძღვნიდნენ თავს, ახლა კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. თავდაცვის ძიებისას 100 წლით უკან დავბრუნდით ბილი მერედითის ისტორიაში . ამ მიზეზის გამო ღირდა ბრძოლა.

ამ საქმეში გულღია ვიყავი, ისევე, როგორც რიოს საქმეში და ფეხბურთთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში. ყველას როდი მოსწონს. აკრიფეთ გუგლში "გარი ნევილი" და "მასტურბატორი" - 10 ათას შედეგს მიიღებთ.

სიმართლე გითხრათ, ამ მტრობის არაფერი გამეგება. გამუდმებით გვესმის, რომ ფეხბურთელები გარესამყაროს მოწყვეტილნი არიან და მხოლოდ საკუთარ ფულზე ფიქრობენ, მაგრამ როცა მათ პირადი აზრი აქვთ, მიწასთან ვასწორებთ. არ ვამბობ, რომ უნდა დამეთანხმოთ, მაგრამ ვფიქრობ, ყველას უნდა ფეხბურთელს თავისი კლუბი და თამაში უყვარდეს.

ყოველთვის ჩემი ბუნება იყო იმაზე გაჯიუტება, რისიც მჯეროდა. სწორისა და მცდარის გარჩევის ძლიერი შეგრძნებით გავიზარდე და ყოველთვის შემეძლო ჩემი შეხედულების გასამყარებლად არგუმენტის მოყვანა - როგორ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოვჩენილიყავი.

ნაწილობრივ უფროს ძმას ვბაძავდი. ყოველთვის მინდოდა, პატივისცემით მომპრობოდნენ. "იუნაიტედში" მოზარდობისას ოსტატის შეგირდი ვიყავი, მოგვიანებით კი ოსტადად ვიქეცი. უფრო გვიან - კაპიტანი გავხდი. ახალგაზრდა ფეხბურთელებს მათი კონტრაქტების თაობაზე მოლაპარაკებების წარმართვაში ვეხმარებოდი. სოციალურ საკითხებში არაოფიციალური მდივანი ვიყავი. მომწონს ორგანიზება, ყველაფრის გაკონტროლება. ან, როგორც ჩემი კრიტიკოსები იტყოდნენ, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა.

როცა მართალი ვარ, ან მგონია, რომ მართალი ვარ - ყოველთვის ერთი და იგივე როდია - არასდროს ვნებდები. ჩემს აზრს ბოლომდე დავიცავ. ხანდახან პრობლემას მიქმნის, მაგრამ მირჩევნია მიცნობდნენ როგორც არასწორი მოსაზრების მხარდამჭერს, ვიდრე აზრის შემცვლელს.

ხანდახან ვჩერდები და საკუთარ თავს ვეკითხები, აქამდე როგორ მივედი? მაგრამ ამის გამო არასდროს მიდარდია. უფრო ადვილი ცხოვრება მირჩევნია, თუმცა მიხარია, რომ ხალხს, კლუბსა და ჩემს რწმენას მხარს ვუჭერ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ სქელკანიანი ხდები. ეს საჭიროა, თუკი წარმატების მიღწევა გსურთ, მაგრამ ღმერთს თვენთვის ნიჭი და გარეგნობა არ მოუცია. მზად უნდა იყო შეურაცხყოფის ჩასაყლაპად, მითუმეტეს, თუკი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების მაღალი კლასის ფეხბურთელი ხართ. ხალხი გვერდით ჩაგივლის და იყვირებს: "გუშინ ნეხვი იყავი". ჩართავ რადიოს და მოისმენ: "გარი ნევილი საკუთარ თავს არ ჰგავს". გადაშლი გაზეთს და იქ: "ნევილი საშინელი თერთმეტეულის კაპიტანია". სატელეფონო ზარები, საგაზეთო სათაურები, ტვ-შოუ... მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობ, ამიტომ შენს მოქმედებებს ლუპით აკვირდებიან. უნდა ისწავლო ამის გადაყლაპვა, თავის ხელში აყვანა და მოქმედება. ეს, ალბათ, ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული უპირატესობა იყო. არავის ვაძლევდი უფლებას, ჩემთან ძალიან ახლოს მოსულიყო. გადარჩენის ერთადერთი გზა სწორედ ეს არის. არასდროს მიდარდია იმაზე, რომ "წითელ ნევს" მეძახდნენ.

ისე, მას შემდეგ, რაც ბოსი ერთხელ ნაკუწებად გაქცევთ და კინოს მსგავსი კაპიტანი რამდენიმეჯერ ადგილზე მოგსვამთ, პრესისა და გულშემატკივრებისგან ნებისმიერ რამეს აიტანთ. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი არსებობს, რომლებიც უნდა მოხიბლოთ. ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია და ამას გამოცდილებასთან ერთად მოიპოვებ.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია
9 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 დეკემბერი 2016 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პირველ რიგში დიდი მადლობა დუმბოს love

არ ვიცი სხვა წაიკითხავს თუ არა, მაგრამ ვინც კითხულობდა აქამდე გარის წიგნს დარწმუნებული ვარ არც ერთხელ არ უნანია რატო წავიკითხეო. გარკვეული დროით დუმბო ვეღარ ახერხებდა ამ წიგნის თარგმანს, მაგრამ იმედია გაგრძელდება. რაც შეეხება უშუალოდ ამ თავს მე პირადად ძალიან მომწონს გარი ნევილის ტიპაჟი, მისი ჟინი და საქმისადმი მიდგომა. ის, რომ რიოს გვერდში უნდა დადგომოდა მაგაზე ორი აზრი არაა, თუმცა როგორც ფერგიმ თქვა ესე მარტივად ნაკრების კარიერას ვერ დაასრულებდა და არც უნდა დაესრულებინა. განსკაუთრებით ამ თავში ბოლო ნაწილი მომეწონა "ხანდახან ვჩერდები და საკუთარ თავს ვეკითხები, აქამდე როგორ მივედი? მაგრამ ამის გამო არასდროს მიდარდია. უფრო ადვილი ცხოვრება მირჩევნია, თუმცა მიხარია, რომ ხალხს, კლუბსა და ჩემს რწმენას მხარს ვუჭერ" - ჩემი აზრით გენიალური სიტყვებია და ეს სიტყვები ზუსტად ასახავს როგორც თვითონ გარი ნევილს ასევე მის კარიერას...
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
27 დეკემბერი 2016 18:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მადლობა ავტორს ასეთი სიახლისთვის, მაგრამ ჩემი აზრით სხვა თავები ბევრათ უფრო საინტერესო იყო, აქ ისტორია დიდი ვერაფერია მარა ავტობიოგრაფიისთვის შელამაზებული აქ გარის wink
0
№3
ავტორი: stepno
27 დეკემბერი 2016 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგარი კაციაა რაა winked
0
№4
27 დეკემბერი 2016 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
მომკალი და ამას ვერ წავიკითხავ
winked
0
№5
ავტორი: giorgi_mg
27 დეკემბერი 2016 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ბოს სკაზალ ბოგ სკაზალ! smile
0
№6
ავტორი: ikeoni
27 დეკემბერი 2016 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Sagol avtor
0
№7
ავტორი: dunkan
27 დეკემბერი 2016 23:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
Saertod inglisis nakrebi dzaan sacodavi gundia da dzaan sisulele tamashs tamashobs Mara gari done iyo
0
№8
ავტორი: MaRkUsH RaShFoRd
27 დეკემბერი 2016 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
მადლობა ავტორ, ეხლა ისე როგორც არასოდეს ისე გვჭირდება გარისა და როი კინის მსგავსი იგროკებიი
0
№9
ავტორი: Gamkrelidze
28 დეკემბერი 2016 01:33
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ძაან საინტერესო იყო feel მაგარი დამპალი ფედერაცია ყოფილა, პრინციპში არც ეხლაა კარგი ფედერაცია ინგლისში wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top