"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მორგან შნეიდერლინს ხელს არ შეუშლის სხვა კლუბში გადასვლაში, თუკი მიღებული შეთავაზება სარფიანი იქნება.
"ვესტ ბრომვიჩის" მთავარმა მწვრთნელმა ტონი პულისმა დაადასტურა, რომ ფრანგი ფეხბურთელის შეძენას ცდილობს და შეთავაზება უკვე გააკეთა, პრესა კი "ევერტონსაც" აქტიურად უკავშირებს მორგანს.
"სანდერლედნთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოურინიოს ჰკითხეს, სთხოვა თუ არა მორგანმა წასვლა, რაზეც უპასუხა: "დიახ. პროფესიონალი, ფანტასტიკური ბიჭია. ძალიან გულახდილი და ღია ადამიანია.
სიმართლე გითხრათ, არაერთხელ გადამიშალა გული და ჩემი პასუხი მარტივი იყო; ჩემს გუნდში რეგულარულად რომ თამაშობდეს, მაშინ მექნებოდა უფლება მეთქვა "არავითარ შემთხვევაში". მაგრამ რეგულარულად არ თამაშობს, ამიტომ ამას ვერ ვეტყვი ფეხბურთელს, რომელსაც სურს ბედნიერი იყოს. არ მაქვს უფლება ვთქვა "შენ ვერსად წახვალ".
ჩემი პასუხი იყო: თუკი შესაბამისი შემოთავაზება იქნება და ჩვენი ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ შეთავაზება ფეხბურთელის დონეს შეესაბამება, მას წინ არ აღვუდგები".