ფილ ჯონსი მოხარულია თავისი ბოლო დროინდელი ფორმით და მიაჩნია, რომ დაცვის სტაბილურობა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" გადამწყვეტი ფაქტორია.
მცველმა "ოლდ ტრაფორდზე" "ტოტენჰემთან" გამართულ მატჩში თავი წარმოაჩინა. კრის სმოლინგისა და ერიკ ბაიის უქმობის პერიოდში მარკოს როხომ და ჯონსმა იმდენად კარგი პარტნიორობა დაამყარეს, რომ ჟოზე მოურინიოსგან ქებაც კი დაიმსახურეს.
"ვფიქრობ, ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ - მე ვიცნობ მის თამაშს, ის იცნობს ჩემსას და ერთმანეთს ვავსებთ, რაც ამჟამად დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს", - განაცხადა ინგლისელმა.
24 წლის ფეხბურთელს ხშირად აწუხებდა ტრავმები და გუნდს მხოლოდ ნოემბერში დაუბრუნდა. მას შემდეგ კი მან რამდენიმე მატჩი ჩაატარა ზედიზედ და ჯონსი აცხადებს, რომ ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ზედიზედ რამდენიმე მატჩს ჩავატარებდი და ტრავმას არ მივიღებდი, ვაჩვენებდი რაც შემეძლო. არ ვარ იმ ტიპის ფეხბურთელი, რომელიც თავქუდმოგლეჯილი წინ გარბის. მე თავს ვიცავ, თავდაცვა მომწონს და გუნდისთვის ჩემი საქმის კეთება. საბედნიეროდ, მწვრთნელი და ჩემ ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი ხედავს, რომ მე მაქსიმუმს ვაკეთებ.
ჯერ კიდევ ვსწავლობ, 24 წლის ვარ, ვიცი, რომ აღარ გავახალგაზრდავდები. ახალგაზრდა ფეხბურთელის გასამართლებელი მიზეზები მე აღარ მეხება და ისე თამაში უნდა გავაგრძელო, როგორც ამჟამად ვთამაშობ და იმედია, უკეთესიც გავხდები.
ბოლო წლებში ბევრი მატჩი გამიცდა - წელს კი რაც შეიძლება მეტი მატჩის ჩატარება მინდა".
"წითელ ეშმაკებს" წინ დატვირთული გრაფიკი აქვთ დ ამ პერიოდში ისინი დღეიდან 2 იანვრამდე "კრისტალ პალასს", "ვესტ ბრომს", "სანდერლენდს", "მიდლსბროსა" და "ვესტ ჰემს" შეხვდებიან.
"ამ გუნდის დამარცხება შეიძლება, მაგრამ ყოველთვის რთულია. "პალასი" ადვილად არ დანებდება და იქ თამაში მართლაც ჭირს, ასე რომ, ისევე კარგად უნდა ვითამაშოთ, როგორც "დეზებთან" და ისევე კარგად უნდა დავიცვათ თავი. ასე უნდა გავაგრძელოთ - ლაპარაკი ადვილია, მაგრამ გაკეთებაც უნდა შეგეძლოს".