ზლატან იბრაჰიმოვიჩი ოცნებობს, 25 წლისა იყოს და ამჟამინდელი აზროვნება ჰქონდეს, რაც მას კიდევ უფრო ფენომენალურ ფეხბურთელად აქცევდა.
35 წლის ფეხბურთელი "ტოტენჰემთან" მატჩში "წითლებს" წინ უძღვოდა და ეჭვგარეშეა, რომ "იუნაიტედის" რიგებში თავის 24-ე მატჩს დღეს ჩაატარებს.
კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას იბრაჰიმოვიჩმა თავისი გამოცდილების მის ახალგაზრდობაში ქონა ისურვა. "ვფიქრობ, ახლა უფრო ჭკვიანურად ვთამაშობ, რადგან, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში იცვლები. სულ სხვა ფიზიკური მონაცემები გაქვს, სხვა სიძლიერე, გამოცდილება და შესაძლებლობები. ვისურვებდი ეს ჭკუა 10 წლის მქონოდა, რადგან მაშინ უფრო ფენომენალური ვიქნებოდი", - განაცხადა შვედმა.
საკლუბო კარიერაში თავისი მე-700 მატჩის ჩატარების შემდეგ იბრაჰიმოვიჩი თავისი გამოცდილების გაზიარებას მარკუს რეშფორდისა და ენტონი მარსიალის მსგავსი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის აპირებს. "ვცდილობ ყველანაირად დავეხმარო, რაც შემიძლია, გოლები კი თავისით მოვა. გოლები დანამატია, ბონუსი, ასე ვთქვათ. თუ გავიტან, გუნდს ვეხმარები, მაგრამ გუნდის დახმარება ბევრნაირად შეიძლება და ეს გამოცდილების საკითხია. მარკუსი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მისი კარიერა ახლახანს დაიწყო, მე კი ვასრულებ.
ბურთით, უბურთოდ, მოძრაობით, კომუნიკაციით, მითითებებით ვეხმარები. ესეც თამაშის ნაწილია და როგორც ფეხბურთელი, რაც შეიძლება სრულყოფილი მინდა ვიყო, ამიტომაც ამას ყოველთვის ვცდილობდი".
იბრაჰიმოვიჩი დარწმუნებული იყო, რომ "იუნაიტედი" "ტოტენჰემთან" ბოლო წუთზე გოლს არ გაუშვებდა და იხუმრა, ეს რომ მომხდარიყო, ჩემი კარიერის ყველაზე საწყენი მომენტი იქნებოდაო. "დარწმუნებული ვიყავი, "ევერტონთან" მატჩი უფრო სარისკო იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მეტ გოლს აღარ გავუშვებდით. მთელი მატჩის განმავლობაში კარგად გამოვიყურებოდით. თავდაჯერებულები ვიყავით და მატჩს ვაკონტროლებდით. მიწურულს გოლი რომ გაგვეშვა, არ ვიცი რა ვთქვა - ჩემი კარიერის ყველაზე საწყენი მომენტი იქნებოდა".