"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს "სენტ-ეტიენთან" 22 თებერვალს, ოთხშაბათს ჩაატარებს, ნაცვლად 23 თებერვლისა, როგორც ეს ადრე გამოცხადდა. მატჩი თბილისის დროით 21 საათზე გაიმართება.
ცნობილი გახდა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება "ლიონისა" და "სენტ ეტიენის" მატჩების ერთსა და იმავე დღეს ჩატარების თავიდან აცილების მიზნით იქნა მიღებული, რისი მიზეზიც ქალაქთა შორის დიდი ხნის დაპირისპირებაა.
გამომდინარე იქიდან, რომ ორივე გუნდი გავიდა ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე და ორივე მათგანს 23 თებერვალს უნდა ჩაეტარებინა მატჩი, გადაწყდა, რომ ერთ-ერთი გუნდი ხუთშაბათის მაგივრად ოთხშაბათს ითამაშებდა.
იმის გამო, რომ "ლიონმა" გასულ სეზონში სატურნირო ცხრილში უფრო მაღალი ადგილი დაიკავა, ვიდრე თავისმა პრინციპულმა მეტოქემ, მისი განგრიგი არ შეიცვლება, ხოლო "სენტ-ეტიენი" აღნიშნულ მატჩს ოთხშაბათს ჩაატარებს.
ლიონსა და სენტ-ეტიენს შორის მანძილი სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრს შეადგენს, ამ გუნდებს შორის მატჩს კი რონის დერბის უწოდებენ, რაც ლიგა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირებაა.